ახალი ამბები • 1728068947
ხელვაჩაურის საკრებულოს თენგიზ ირემაძე უხელმძღვანელებს
ხმაურისა და დაპირისპირებების გარეშე შედგა და დაკომპლექტდა ხელვაჩაურის ახალი მოწვევის საკრებულო. 24 წევრიანი შემადგენლობიდან, პირველ სხდომაზე დღეს მხოლოდ 16 გამოცხადდა. დარბაზში, პროტესტის ნიშნად არ შევიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შვიდკაციანი შემადგენლობა. დღევანდელ სხდომაზე მმართველმა გუნდმა, ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირა წინასწარ შეთანხმებულ, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებს. თანამდებობები მმართველმა გუნდმა გაინაწილა.
ხელვაჩაურის საკრებულოს თენგიზ ირემაძე უხელმძღვანელებს. იგი დღეს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო და ისიც მმართველი გუნდიდან.
საკუთარი კანდიდატი ჰყავდა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა წარდგენა არ გააკეთეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს, განსხვავებით წინამორბედისგან, სამი მოადგილე ეყოლება. მიუხედავად იმისა, ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურა თანამდებობაზე არ დაუსახელებია, სამივეს კენჭი ფარულად უყარეს. მინდია დიასამიძემ, მალხაზ სალვარიძემ და ვახტანგ ლორთქიფანიძემ, ხმები თანაბრად მიიღეს. მათ, სხდომაზე მყოფი 16 წევრიდან, თანაგუნდელების 14-ვე ხმა დაიმსახურეს. კენჭისყრაში ექსპრემიერის პარტია „საქართველოსთვის“ არ მონაწილეობდა.
ახალ მოწვევაში, ახალი კანონმდებლობით, სულ სამი, ანუ იმდენი ფრაქცია იქნება, რამდენი პარტიაცაა წარმოდგენილი. ერთი მოადგილე, მხოლოდ ფრაქციას „ხელვაჩაური საქართველოსთვის“ ეყოლება, რადგან მას მხოლოდ სამი წევრი ჰყავს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ორ-ორი. საკრებულოში, უცვლელად, ისევ ხუთი მუდმივმოქმედი კომისია იმუშავებს. ხუთივე შემთხვევაში, თავმჯდომარეები, „ქართული ოცნებიდან“ აირჩიეს.
ვიდრე საკრებულოში თანამდებობები ნაწილდებოდა, სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ შენობის გარეთ აპროტესტებდა. ხელისუფლების ოპონენტების განცახდებით, მმართველ გუნდს დისკომფორტს იმ დრომდე შეუქმნიან, ვიდრე ოცნება დანაშაულს არ აღიარებს და მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს.
ხელვაჩაურის საკრებულო სულ 24 წევრიანია. აქედან 14 ხმა „ქართულ ოცნებას“, შვიდი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამი კი გახარიას პარტიას აქვს.
1726726009