ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - რამ გამოიწვია დეპუტატების გაღიზიანება?

ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს გახარიას პარტიისა და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. „საქართველოსთვის“ გუნდის წევრს მმართველი გუნდის დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისმოდა მუქარებიც. გაღიზიანება ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილმა პროექტმა და საპარკინგე სივრცეების აუცილებლობით გამოწვეულმა კითხვებმა გამოიწვია. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

ბათუმის საკრებულოს ხდომათა დარბაზი პოლიტიკურ რინგს მას შემდეგ დაემსგავსა, რაც დეპუტატებმა ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს. ხმაური აკაკი გვიანიძის მიერ ქალაქის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გამოიწვია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მისამართით ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. სიტუაციის განეიტრალება იქ მყოფმა დეპუტატებმა სცადეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე  თვითმმართველობის მიერ წარდგენილი საკითხებიდან 17-მდე, სამშენებლო პროექტი იყო.  მერიამ საკრებულოს დოკუმენტაცია წინ დღით წარუდგინა, შესაბამისად  საკითხის შესწავლა და გაანალიზება ოპოზიციის მტკიცებით შეუძლებელი იყო.

სხდომა ტრადიციულად განცხადებებით გაიხსნა.  ოპოზიციამ ყურადღება ქალაქში არსებულ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურასა და სხვა საჭიროებებზე გაამახვილა. ასევე  საუბარი შეეხო პარტიულ საკითხებსა და  პოლიტიკურ პროცესებსაც.  ისმოდა  ურთიერთბრალდებები.

ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომებზე ქალაქის მერის დასწრებას ითხოვენ და საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ არჩილ ჩიქოვანი დარბაზში მიიწვიოს. მიაჩნიათ, რომ  თვითმმართველობის საკითხები ქალაქის მერის თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს და თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელმა მათ მიერ დასმულ  კითხვებს უნდა უპასუხოს.

მეტის ნახვა