ხმაურით ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე - მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი სხდომა. ,,ერთიანი ნაციონალაური ნოძრაობის'' წევრები, კენჭისყრამდე, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს. სხდომაზე დასწრებას ის თვითდასაქმებულებიც ითხოვდნენ, რომლებიც სარფში ,,დანკინ-დონატსის'' ფილიალის გახსნას ეწინააღმდეგებიან. მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ ობიექტი მათ კონსტრუქციებს ფარავს და ერთადერთ შემოსავლის წყაროს კარგავენ. გაითვალისწინებს თუ არა მერია, მოქალაქეების მოთხოვნას.

დეპუტატებს შორის შეურაცხმყოფელი ტერმინებით საუბარი საკრებულოს დაწყებისთანავე დაიწყო. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკოსებს ხალხისთვის საჭირო საკითხებზე ემსჯელათ და დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები განეხილათ, დრო ერთმანეთის მიმართ ცინიზმის დაუთმეს. ჩხუბი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას მოჰყვა, რაზეც უარი მიიღეს.

ასე გადიოდა დრო რეპლიკებსა და ხმაურში. რაზე კამათობდნენ დეპუტატები აზრის გამოტანა რთული იყო, თუმცა, როგორც კი, ვითარება დასტაბილურდებოდა, რამდენიმე წუთში, ისევ იგივე, მდგომარეობა იქმნებოდა.

ერთ საათზე მეტი ისე გავიდა, რომ დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ვერ განიხილეს. ვითარება, კიდევ უფრო, გაამწვავა სხდომათა დარბაზში თვითდასაქმებულების შესვლამ.

მოქალაქეები სარფში, ,,დანკინ-დონატსის'' ფილალის გახსნას ეწინააღმდეგებიან. თვითდასაქმებულები აცხადებდნენ, რომ ობიექტი მათ კონსტრუქციებს ფარავს და ერთადერთ შემოსავლის წყაროს კარგავენ. ამბობენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან.

საბოლოოდ დავამ შედეგი გამოიღო. ხელვაჩაურის მერთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ,,დანკინ-დონატსის'' ფილიალს ადგილს შეუცვლიან და გზის მეორე მხარეს განთავსდება. რაც შეეხება საკრებულოს სხდომას, პროცესი დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა, აქედან, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს, მხოლოდ, რამდენიმე წუთი დაეთმო, სხდომის ხანგრძლივობის უდიდესი ნაწილი კი, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ლანძღვას, ჩხუბსა და დაპირისპირებას.

მეტის ნახვა