კობა ხაბაზი ენმ-ის პოლიტსაბჭოს ტოვებს

კობა ხაბაზი

კობა ხაბაზი ენმ-ის პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა ისიც, რომ გაწევრებას არ აპირებს არც შემდეგ პოლიტსაბჭოში და არც პარტიის საარჩევნო სიაში იქნება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ურთულესი დღეები მქონდა.

ვერა და ვერ მოვახერხე შემეჯამებინა ჩემი პოსტები პარტიის რეორგანიზაციის, ზეპარტიული მოძრაობის "Free Mishas" და ზნეობრივი ღირებულებებისადმი ჩემი შეხედულებების შესახებ.

ეს პოსტები დასტურია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს დატოვების შესახებ არჩევნებამდე მქონდა მიღებული.

დიახ, ვტოვებ პოლიტიკურ საბჭოს და ეს გადაწყვეტილება წინასწარ მქონდა მიღებული.

დამარცხებულზე საუბარი არ მჩვევია, მით უფრო, როცა ნიკა მელიას ვაკრიტიკებდი, ვეკამათებოდი, ვეჩხუბებოდი ლამის გაწევ- გამოწევის დონეზე, მას ჩემგან სწორედ ის ადამიანები იცავდნენ კბილებით, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილის გუნდში არიან წარმოდგენილები, პარტიაში თუ ვინმეს უჩხუბია ნიკასთან, ალბათ პირველი მე ვიყავი. რაც შეეხება გამარჯვებულს, რა ვქნა, არ მჯერა იმ ადამიანის ღირებულებების ერთგულების ვინც პარტიიდან წავა, როცა მას სხვა პარტია გამსვლელ სიაში ადგილს შესთავაზებს და რომ ვერ გახდება პარლამენტარი, იგივე მოთხოვნით, რომ თუ გამსვლელ სიაში იქნება დაბრუნდება პარტიაში.

ღირებულებები ჩემთვის გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა თუ დეპუტატობა.

ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ეს ის შემთხვევაა, როცა გულწრფელად გამიხარდება ჩემი შეცდომა.

მავანი იტყვის, იცის, რომ ერთი თვე დარჩა მოქმედ პოლიტსაბჭოს და იმიტომ გადისო, იმედს გაგიცრუებთ, მომავალ პოლიტსაბჭოზეც წინასწარ ვამბობ უარს, თუ ის დანიშვნითი იქნება, თუ პარტიაში რეალურად არ დაინერგება ისეთი პრინციპები, როგორიც პარტიის რეორგანიზაციის პროექტში მაქვს აღწერილი. დემოკრატია, გამჭვირვალეობა, ფინანსების სამართლიანი განაწილება, პროგრამული მართვა, პარტიის წევრების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, პარტიულ თანამდებობებზე არჩევითობა, ყველა დონის პარტიული საარჩევნო სიების ფორმირება კენჭისყრების გზით, წონააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფების ორგანიზება, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ჩემთვის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გზაა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებების განხორციელებას რეალურად ჩაეყრება საფუძველი, შეიძლება მივიღო მონაწილეობა პოლიტსაბჭოს არჩევნებში, სხვა შემთხვევაში წინასწარ უარს ვაცხადებ.

პარტიულ იერარქიებში მოსახვედრად "ჩალიჩის" და "შეტენვის" პოლიტიკა უნდა დასრულდეს!

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, არანაირ სიაში არ ვაპირებ ყოფნას, 2016 წელსაც და 2020 წელსაც მიუხედავად მიშას მიერ პრინციპული მოთხოვნისა, უარი ვთქვი კენჭი მეყარა ორი მიზეზის გამო, პირველი ვითხოვდი ჩემი ადგილი ახალგაზრდებისთვის დაეთმოთ და მეორე არ მჯერა ოლიგარქიულ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის არჩევნების გზით დამარცხება, ასეთი რეჟიმების დამარცხება მხოლოდ კარგად ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობით არის შესაძლებელი.

ასე რომ არა თუ სიაში ყოფნა, არჩევნებში მონაწილეობასთან კი არ ვაპირებ და წინასწარ გაფრთხილებთ, ჩემთან ისეთ იდიოტური არგუმენტებზე ნუ დაიხარჯებით, როგორიცაა "ახლა სხვა რეალობაა", "ახლა ბეჭებზე დავდებთ" და ასე შემდეგ.

გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს ბრძოლიდან გასვლას ვაპირებ, არა, ჯერ აქ ვარ, უკრაინაში და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო როცა საქართველოში დავბრუნდები, არც ადრე დავკლებივარ და არც მომავალში დავაკლდები ყველა იმ ბრძოლას, რომელიც ოკუპანტებისა და ივანიშვილის კოლაბორაციონისტული რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ამავდროულად იქნება შედეგზე ორიენტირებული.

ჩემს საკეთებელს ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად ყოველთვის გავაკეთებ!

P.S. ერთი, ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩემს მეგობრებს (მხოლოდ მეგობრებს და არა ვინმე სხვას) შეეხება, იმ ახალგაზრდებს თუ ზრდასრულებს შეეხება ვისთანაც ერთად ბევრი ქარტეხილი გამოვიარე.

მეგობრებო სანამ ღალატის თეორიას აყვებით და ტალახის სროლას დაუწყებთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ეკა წამალაშვილი, გიო პატარაია და სხვები, გთხოვთ ჯერ მე მესროლოთ, რადგან მათ ჩემზე უფრო ღირსეულად აქვთ ცხოვრება გავლილი და ერთგულება და თავდადება არ ესწავლებათ!, - წერს ის.

მეტის ნახვა