ახალი ამბები • 1733997205
მაკრონი, შოლცი და ტუსკი განცხადებას ავრცელებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ. ლიდერები საუბრობენ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილ გამოძიებაზე.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მრავალი დარღვევა და ამომრჩევლის დაშინება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოების ნდობაზე პროცესის მიმართ.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მოხდეს ყველა დარღვევის სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება და ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ის დაცული უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა ეს მიზანი მიღწეულ იქნას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია და აუცილებელი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ მოახდენს ხელშესახები რეფორმების გატარებისთვის ძალისხმევის დემონსტრირებას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას." - წერია ერთობლივ განცხადებაში.
1733990122
1728455482
1727447820