"მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა" | ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა დასრულდა

ადმინისტრაცია

ოპოზიციური პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს"  ლიდერების, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც ცნობილი ხდება, პოზიციის დასაფიქსირებლად მამუკა ხაზარაძემ დამატებით ერთი დღე ითხოვა. 

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ" - აღნიშნა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ხაზარაძესა და მის გუნდზე არის დამოკიდებული მოლაპარაკების შედეგები.

„ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახეს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს, და მერე რა, ამის გამო ჩვენ ის, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, უნდა გადავდოთ?! მე ასე არ ვფიქრობ. ამ წინააღმდეგობების დაძლევა არის ის, რასაც ჰქვია ნამდვილი დემოკრატიული კონსენსუსი... თავიდან ბოლომდე ხაზარაძესა და მის გუნდზეა დამოკიდებული, რა მოხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.

მეტის ნახვა