ახალი ამბები • 1735227842
ნაციონალური მოძრაობის წევრები მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას ითხოვენ - ოპოზიციამ აჭარის მთავრობის შენობასა და მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართა
ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიება - ამ მოთხოვნით, დღეს, ბათუმში, საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით, მთავრობის სახლამდე მივიდნენ. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილებმა მიიტანეს ბანერები, წარწერებით: ,,გადადგეს თორნიკე რიჟვაძე", "თავისუფლება სამშობლოს მშენებელ მიხეილ სააკაშვილს". გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. სალომე უსტალიშვილი გვიამბობს.
„მაგ სიმართლით იარეთ“ - ასე მიმართავს ოპოზიცია აჭარის მთავრობას, მართლები არიან თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, რამდენად ობიექტურად მოხდება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ძიება, იმ ფონზე, როდესაც ძალოვანი უწყების სათავაში, თავად, ბრალდების ადრესატები დგანან, ჯერ კიდევ საკითხავია. პოლიციისა და გამოძიებისადმი უნდობლობის გამოსახატად, ხელისუფლების ოპონენტები, დღეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
„სუსი ფულს ხაფავს, ხალხი სულს ღაფავს“ , „შენ, რომ გგონია სუს-ია სინამდვილეში რუსია“, - ეს წარწერები ჯერ, ბათუმის მთავარ სამმართველოსთან, შემდეგ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიიტანეს.
ოპოზიციის პროტესტის გამო, რუთაველის ქუჩა, დღეს, პარალიზებული იყო. მსვლელობა აჭარის მთავრობის სახლამდე, შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
შეკრებილებმა თორნიკე რიჟვაძეს უცვლელი მოთხოვნით მიმართეს. სურთ, რომ თანამდებობა მამასთან ერთად დატოვოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ასამდე პოლიციელი, ათობით მოქალაქისგან, რამდენიმე საათის განმავლობაში, დაუღალავად იცავდა.
მამა-შვილი რიჟვაძეების თანამდებობებიდან გადასაყენებლად, გარდაცვლილი დეპუტატის და, ნაზი ფუტკარაძე, დაუღალავ ბრძოლას აანონსებს. ამბობს, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე, დასახულ მიზანს არ მიაღწევს.
გარდაცვლილი დეპუტატის საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ფარული აუდიო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტები, საგამაძიებო უწყებაში ჯერ არავის დაუბარებია.
1728455482
1727447820