ნიკა გვარამიას საქმე - შეფასებები

მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავებას კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. „ც“ ნიკა გვარამიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საქმის გადახედვას ითხოვს. რა წერია დოკუმენტში?

გვარამიას საქმე, სავარაუდოდ, პოლიტიკურია და ვითხოვთ მის გადახედვას - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, ეს არის საქართველოში ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაპატიმრების პირველი შემთხვევა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საეჭვო საფუძვლის მქონე საქმეზე გამოტანილი მკაცრი განაჩენი იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადაწყვეტილების მიზანი ოპოზიციური მედიასაშუალების დასუსტებაა.

ასეთი საეჭვო საფუძვლების საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით. ბოლო წლებში  საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ პასიურობას მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მიმართ, არამედ გამოხატავს მზაობას ხელი შეუშალოს ოოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობას. მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას საქმის დამოუკიდებლად განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიასაშუალებისთვის.

საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ მედიამენეჯერის დაკავებას სამართლებრივ პროცესთან საერთო არ აქვს, ეს არის პირადი ანგარიშსწორება და პირდაპირი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე.

გვარამიას დაკავებიდან 10 დღის შემდეგ, დღეს კომენტარი ექსპრემიერმა გააკეთა. გიორგი გახარიას შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივი აშკარაა. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის.

დასავლეთისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ღია კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პარტია ისევ ირწმუნება, რომ მედიამენეჯერი საპატიმროში სამართლიანად აღმოჩნდა. „ქართული ოცნება“ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური ნიშნების არსებობს უარყოფს.

მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში, რომელიც "პორშესა" და ტელეკომპანია რუსთავი 2 ში - 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. მთავარი არხის დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები გეგმავენ.

მეტის ნახვა