ახალი ამბები • 1733997205
ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს, მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწყმო.
ყველაფერ ამისთვის ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლათფორმებიდან, ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება და ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესი.
და დღეს ყველას ერთად, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ გავლენებზე. დაფუძნებულია თავიდან ბოლომდე ფულზე. გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, რომელიც გასაქან არ აძლევს პატიოსნებას, გასაქანს არ აძლევს წესიერ გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ, მორალურ, გულწრფელ პოლიტიკას და გასაქანს არ აძლევს პრაქტიკულად არცერთ იდეალისტ ადამიანს ამ სფეროში.
დღეს, საქართველოში გვაქვს სისტემა,რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომლებიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც არის ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით, და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველი დღეს საქართველოში არის ფული. პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკური ვაჭრობა და მოსყიდვა და დასანანია, თანაც როგორი დასანანია, რომ პოლიტიკური კლასის არცთუისე მცირე ნაწილმა მისი თამაშის წესები მიიღო, როგორც საკუთარი თამაშის წესი. და ასეთი პოლიტიკოსები ამ ყველაფრით პრაქტიკულად ამაყობენ კიდეც და ცდილობენ, ყველა ერთად, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ამ მანკიერ პოლიტიკურ სტანდარტს აქვს გასაქანი ამ ქვეყანაში ის არის ვარგისიანი...
დღეს ბევრი თქვენგანი ფიქრობს, ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, მაღაზიაში, კი არ ვარგა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ მოერევი, ცუდია, მაგრამ ფული აქვს ბევრი და ვერ მოერევი.
მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია... მაგრამ მე არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციით, უღირსობის უღირსობით, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მარცხდება პოლიტიკური ვაჭრობით... მე მჯერა, რომ სისტემური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სუფთა წარსული, რეპუტაცია, ცოდნა, პატიოსნება, გამბედაობა - აი ეს არის გამარჯვების ახალი გზა და არა პოლიტიკურ ვაჭრობებში ჩართვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა.
ვიცი, რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს, თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა, ახლა მაქვს ორი არჩევანი, ან მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან პირველ რიგში და თქვენთან მართალი. მაქვს არჩევანი, ჩავერთო პოლიტიკურ ვაჭრობაში, ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.
[...]
დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს, მართალი ხალხი არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.
ყველა ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს ინდივიდუალურ, სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას.
მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.
ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და ამჟამინდელ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება.
1733990122
1728455482
1727447820