"ოცნების" პროპაგანდისტული ბანერები ვირტუალური სივრციდან ქუჩაში

ქუჩაში გადმოტანილი პროპაგანდა ე.წ "რუსული კანონის" "გასაპრავებლად". ბათუმში, სააგიტაციო მასალები ობიექტებზეა გაკრული. პლაკატები წარწერით „რატომ არის ეს კანონი ევროპული“ ქალაქში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფეისბუქმა მმართველი გუნდის წევრებსა და საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელებში იდენტური შინაარსის პოსტები დაუბლოკა. შესაბამისად, აგიტაციამ ვირტუალური სივრციდან ქუჩებში გადაინაცვლა. საქმე იმაშია, რომ პოსტერები ნებართვის გარეშე, კანონდარღვევითაა გაკრული. ამის გარდა პრობლემურია ისიც, რომ ბანერების დამზადებაში გარკვეული ფინანსური რესურსი დაიხარჯა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი ტიპის პლაკატები საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას იწვევს, ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია კი პოლარიზაციის შემცირებაა.

სოციალურ ქსელებში გატარებული პროპაგანდა, რომ პარლამენტში რეინიცირებული კანონპროექტი, არა რუსული, არამედ ევროპულია, ცუკერბერგმა დეზინფორმაციად რამდენიმე დღის წინ მიიჩნია. ეს პოსტების დაბლოკვაში გამოიხატა. პროცესის პარალელურად, მოწოდებების ფორმამ ქუჩაში, წარწერების სახით გადაინაცვლა. მასზე დატანილი ინფორმაცია, საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებული დოკუმენტის ირგვლივ გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროს ამტკიცებს. მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც კანონს გასულ წელს უარი ერთხელ უკვე უთხრა და სახელიც, „რუსული კანონი“ თავად დაარქვა, ამბობს, რომ ამით ქართული ოცნების ოცნების ხელისუფლება მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

პროპაგანდისტული პოსტერები, დიდი ქალაქების პარალელურად, ბათუმის ქუჩებშიც 2 დღის წინ გამოჩნდა. სააგიტაციო მასალა ცენტრალურ თუ გარეუბნებში, სხვადასხვა ობიექტზე მრავლადაა. წარწერებს თან ერთვის ოპოზიციონერი ლიდერების ფოტოები, სახეზე წითელი ხაზებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნების ხელისუფლებას“ ამ ქმედებით, ხალხის მოტყუება და პროტესტის ჩახშობა სურს. პარტია „ლელოს“ წევრებმა პლაკატები შენობებიდან დღეს ჩამოხიეს.

რატომ გააუქმა ფეისბუქმა მმართველი გუნდის წევრებს მათ მიერ გაზიარებული პოსტები, თუკი სიმართლეს ასახავდა და დეზინფორმაცია არ იყო? აჭარაში „ოცნების“ გუნდის წევრი პრემიერ-მინისტრის არგუმენტს იმეორებს. ვლადიმერ მგალობლიშვილი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ფეისბუქ სტატუსების ბედს „ფაქტ ჩეკი“ წყვეტს, რომელიც ფეისბუქის პარტნიორი და ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებულია. უმაღლესი საბჭოს წევრმა „მაცნეს“ კამერის წინ ისიც აღიარა, რომ გასულ წელს საინფორმაციო ომი წააგეს, რის გამოც წელს მაქსიმალური მობილიზება მოხდა, რისი გამოხატულებაც იყო ქუჩებში სააგიტაციო მასალის გაკვრა.

ჩაითვლება თუ არა საინფორმაციო ომის მოგებად ის ფაქტი, რომ ყველაზე გავლენიანმა სოციალური ქსელმა მმართველ გუნდს პროპაგანდისტული გზავნილები დაუბლოკა? კომუნიკაციების სპეციალისტს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი ამ შემთხვევაში ღიად დამარცხდა.

საქმე იმაშია, რომ პლაკატები ავტობუსების გაჩერებებზე ნებართვის გარეშეა გაკრული. ამის გარდა, კითხვებს აჩენს მასზე დახარჯული ფინანსური რესურსიც. რა რეაგირება ექნება თვითმმართველობას აღნიშნულზე ან დააჯარიმა თუ არა მუნიციპალურმა ინსპექციამ აგიტატორები? ამ უკანასკნელში მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, რომ საკითზე მოკვლევა მიმდინარეობს და სამართალდარმღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება გატარდება.

მთავრობამ „რუსული კანონისთვის“ კოორდინირებული ბრძოლა 1 აპრილიდან დაიწყო. საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მმართველი გუნდის წევრებმა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა ფეისბუქზე ქარდების გადაზიარება დაიწყეს, რომელიც სოციალურმა ქსელმა მალევე დაბლოკა. ამ ყველაფრის შემდეგ კი სააგიტაციო მასალებმა ქუჩებში გადაინაცვლა.

მეტის ნახვა