პრეზიდენტის ანგარიში | ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

პრეზიდენტის გამოსვლას ცხადია, გამოეხმაურნენ აჭარაშიც. ოპონენტები ქვეყნის მთავარსარდლის გაბედულ განცხადებებს იწონებენ, როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ადგილობრივ დონეზე? ვნახოთ შეფასებები.

ოპოზიციას სურს, სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანოს. ამბობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკული გამოსვლები აქამდეც მოუსმენიათ, თუმცა დღეს იგი განსაკუთრებული იყო, რადგან მანამდე  ბიძინა ივანიშვილის სახელი არ უხსენებია. მირდატ ქამადაძე ამბობს, კონკრეტული ადრესატის მხილება და სახელობითად თქმა იმის, ვისგანაც კითხვებზე პასუხების მოსმენა სურს, ბევრის მთქმელია.

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე სახელებით და გვარებით დაიწყო კრიტიკულად საუბარი, ეს ყველაზე კარგი, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვისაა, აცხადებენ „ლელოში“ . ვაჟა დარჩიას მიაჩნია, რომ ამით მსოფლიო დაინახავს, თუ როგორ მსჯელობს მოსახლეობის უმრავლესობა. აქ მზაობას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ პრეზიდენტთან ალტერნატიული ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის.

პარტიაში „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ყველა საჭირო და სწორი კითხვა დასვა. აკაკი გვიანიძეს მიაჩნია, რომ  მნიშვნელობა აღარ აქვს, სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია თუ არა, ამგვარი მხილების შემდეგ, მისი აზრით, ცვლილებები გარდაუვალია.

საქართველოს პრეზიდენტი ასეთი ადეკვატური არასოდეს ყოფილა, აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან ანთაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, დღეს ქვეყნის ყველა მთავარ გამოწვევას შეეხო, ამიტომაც მზად არიან, ნებისმიერი პლატფორმიდან ითანამშრომლონ მასთან ხელისუფლების ცვლილებისთვის.

„გირჩში“ სალომე ზურაბიშვილის ობიექტურობის არ სჯერათ. აქ ამბობენ, რომ დღეს, მისგან ისეთი არაფერი მოუსმენიათ, რაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს დააკნინებდა. თემურ გორგაძის თქმით, პრეზიდენტი დამაჯერებელი მაშინ იქნება, როცა მის ხელთ არსებული ბერკეტების გათვალისწინებით, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარსარდალმა, ივანიშვილის სახელი დღეს ხალხის თვალის ასახვევად ახსენა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან, პრეზიდენტის გამოსვლა არ შეაფასეს.  „ქართულ ოცნებაში“ პოზიცია იმ არგუმენტით არ დააფიქსირეს, რომ სპიკერები ადგილზე არ ჰყავდათ.

მეტის ნახვა