რა ძალა აქვს ხალხს?

რა ძალა აქვს ხალხს? ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნის სწორ განვითარებაში უზარმაზარი როლი საზოგადოებას აქვს. განსაკუთრებით კი სტუდენტებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტი მოქალაქე მონაწილეობს ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ამა თუ იმ პრობლემასთან მიმართებით, ქვეყნის მართვას ხელისუფლება გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება. რიგ შემთხვევაში კი შესაძლოა მყისიერი რეაგირებაც მოჰყვეს. თუ კი ქვეყანას, დემოკრატიასა და ცივილიზაციაზე აქვს პრეტენზია, ამისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ჰყავდეს, ბევრი საღად მოაზროვნე, აქტიური ადამიანი. ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, მიმდინარე მოვლენები შეაფასოს და კანონმდებლებს მიუთითოს იმაზე, თუ რა სურს ხალხს. რათა მათი ინტერესები, სოციალურ თუ ურბანულ საკითხებში გათვალისწინებული იყოს.

ქვეყანაში ხელისუფლების წყარო  ხალხია. საქართველოს კონსტიტუციაც ამას გვაუწყებს.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად აჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო აქტივიზმს და პროცესებში  ახალგაზრდების ჩართულობას. 9 აპრილის ტრაგედია, გავრილოვის ღამე, ღამის კლუბებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია, 2022 წლის 20 ივნისი, ერთმუშტად შეკრული ერი, რომელიც ევროინტეგრაციისთვის გაერთიანდა და ბოლოს, პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი,  მაგალითია იმისა, რომ საზოგადოების ხმა მართავს ქვეყანას, რაშიც ლომის წილი, სწორედ, სტუდენტებს მიუძღვით.

სტუდენტებისგან მუდმივად გვესმის, რომ  პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან, რომ მათთვის პრიორიტეტი განათლებაა და არაა რომელიმე პარტიული ინტერესის გატარება. თუმცა, არის საკითხები რაზეც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ დუმილი დანაშაულია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ საზოგადოება ევროპული მომავლის ინტერესებით, ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანდება. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ კვლავ, ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელი დარჩეს.

პროფესორების შეფასებით, ქვეყანაში ყველაზე ცოცხალ ძალას, სწორედ, სტუდენტები წარმოადგენენ. ლაშა ბაჟუნაიშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოების ინტერესების ხმამაღლა გაჟღერება, გადაწყვეტილებები კი, უმრავლესობის პოზიციებიდან გამომდინარე, უმცირესობების უფლებების დაცვით უნდა იყოს მიღებული.

პროფესორი გიორგი მასალკინი მიიჩნევს, რომ გამარჯვება თავბრუდამხვევი არ უნდა იყოს და მუდმივი აქტიურობაა მნიშვნელოვანი. მისი თქმით, ახალგაზრდებმა უნდა გადადგან გონივრული ნაბიჯები და ნებისმიერი განცხადება გააზრებული უნდა იყოს.

ახალგაზრდების აქტიურობამ გამოიწვია ე.წ. რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გაწვევა. ეს, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს საზოგადოების როლს პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ, ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორ-მასწავლებლები და ახალგაზრდები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ ხშირად გაერთიანდნენ და იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის, რადგან ძალა ერთობაშია.

მეტის ნახვა