როგორია საქართველოს მოსახლეობის განწყობები - IRI-ის კვლევის შედეგები

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის მტკიცე არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მოსახლეობის პროდასავლურ განწყობებზე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა მიუთითებს. მოსახლეობის აზრი კიდევ რამდენიმე საკვანძო საკითხზეა გამოკვლეული. ეს შეეხება ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. IRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან, 14 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 86% მომხრეა, ქვეყანა, ევროკავშირის წევრი გახდეს. წინააღმდეგია 9%. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის, მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. ასე, 77% ფიქრობს. გამოკითხულთა 73% არ მოსწონს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმი და ის, რომ თავისუფლად იძენენ ქონებას და ირეგისტრირებენ ბიზნესს.

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ უცხოური აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. რესპონდენტთა 38% ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღების მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმება. რაც შეეხება განცხადებას, რომ მისი მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება 40, ხოლო ეთანხმება 13%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ისევ გრძელდება. 17%-ის აზრით  დასრულდა, მაგრამ სავარაუდოდ განახლდება. 5% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა და არ განახლდება.

გამოკითხულთა 54% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% აქვს საპირისპირო პოზიცია. კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში, პასუხები ასე გამოიყურება: 55% ამბობს, რომ ეკონომიკა და უმუშევრობა, 39%-თვის მაღალი ფასები და გაძვირებული ცხოვრება, სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა - 13%-თვის, ხოლო განათლება 8%-თვის. შედეგებზე, შეფასება მმართველ პარტიას ვთხოვეთ, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ინტერვიუზე უარი თქვეს. ის რაც კვლევამ აჩვენა, TV25-ის გამოკითხვებით, არაერთხელ დადასტურებულა.

მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კვლევა შემდეგს აჩვენებს: გამოკითხული მოსახლეობის 25% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოდის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 4%-ნი მაჩვენებლით, 3-3%-ის არჩევანი იქნებოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“, 2% უჭერს მხარს პარტიებს: „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს და „დროა“-ს. 6% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, 29% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროას ერთობას“, 16% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა გირჩს, ხოლო 13% - „ევროპულ საქართველოს“.

IRI-იმ, კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18 წლის ზემოთ საქართველოს 1200 მოქალაქე გამოკითხა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.

მეტის ნახვა