ახალი ამბები • 1679381740
რუსული კანონის უკან გაწვევა - პოლიტიკური შეფასებები აჭარიდან
მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები აჭარაშიც მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, მმართველ გუნდს გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების გაჩერება და აქციების შეწყვეტა სურს. ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხს ატყუებს და ერთი მოსმენით მიღებული კანონი, კანონად დარჩება. მათივე თქმით, პროტესტი იმ დრომდე არ შეწყდება, ვიდრე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილების ნამდვილობის არ სჯერათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს ისევ ატყუებს და პროტესტის შეწყვეტის მიზნით, მათთვის თვალის ახვევა სურთ. რეზო ხარაზი ამბობს, რომ პროცესი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა.
პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ მმართველ გუნდს მოსალოდნელი რევოლუციის შეეშინდა და ხელისუფლებიდან წასვლის მოლოდინში მყოფები, თავის გადარჩენას, დაჩქარებული წესით მიღებული კანონის გაწვევით ცდილობენ. გენო თებიძე ამბობს, რომ ბრძოლას აქციებზე უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე გააგრძელებენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტიაში „საქართველოსთვის“. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პირველი გამარჯვებაა და ხელისუფლება ნელ-ნელა უკან იხევს.
მმართველ პარტიაში კი, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების მოთხოვნა გაითვალისწინა და ქვეყანაში მშვიდობის მიზნით, კანონი უკან გაიწვია. რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ურევია და ქვეყანაში არეულობა, მხოლოდ, მათ სურთ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, „რუსული კანონი“ გაიწვია, მოქალაქეები გაჩერებას და აქციების შეწყვეტას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ აპირებენ. გეგმავენ, რომ პროტესტი უფრო მასშტაბური გახდეს და პერმანენტული სახე არ დაკარგოს. რამდენად სარწმუნოა მმართველი გუნდის დღევანდელი გადაწყვეტილება, ამას, დრო გვიჩვენებს.

1678945638

1678791148

1677745241

1676454928