"საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა" | პრეზიდენტი რუსული კანონის შემობრუნებაზე

რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საქართველოს პრეზიდენტმა საბოტაჟი უწოდა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა და ევროპას უთხრა "არა". მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოწვევაა საზოგადოებისა და პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, გამოიწვიოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ.

საკითხს გამოეხმაურა პრემიერიც. ირაკლი კობახიძემ წერილობით განცხადება გაავრცელა და დაფინანსების "გამჭვირვალობასა" და "ანგარიშვალდებულებას" გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კანონი დონორებს მთელი რიგი უხერხულობებისგან ეფექტურად დააზღვევს, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთანაა დაკავშირებული.

„ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ახლა დროა არასამთავრობოები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მეტის ნახვა