ახალი ამბები • 1733750807
საეჭვო ტენდერები ბათუმში - ოპოზიცია 2024 წლის არჩევნების დაფინანსების სქემებზე საუბრობს
„ქართულ ოცნებაში“ არსებულ კორუფციულ სქემებზე ოპოზიციაში მუდმივად საუბრობენ. ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით აქცენტირდებოდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ 200 მილიონიან ბიუჯეტზე. ეს ის თანხაა, რომელიც ბათუმში, სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. ტენდერი „საბა კონსტრაქშენმა“ მოიგო. კომპანიამ, რომელსაც ავანსის სახით, სახელმწიფო შესყიდვებიდან მილიონები აქვს მიღებული, ობიექტები კი დაუსრულებელი ან ჩაუბარებელია. ოპონენტების განცხადება და საეჭვო ტენდერები „ფაქტ-მეტრმაც“ შეისწავლა.
ბათუმის უბნების განახლება, „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უნდა მოხდეს. როგორც დაანონსდა, 200 მილიონი გამოიყო და ტენდერიც გამოცხადდა. იგი „საბა კონსტრაქშენმა“ მოიგო, რომელიც, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის ერთადერთი მონაწილე იყო. ოპოზიცია საეჭვო კავშირებზე მაშინვე ალაპარაკდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება რეალურად, მოახლოებული არჩევნების დაფინანსებას ცდილობს.
ოპოზიციას, კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას სხვა ბევრი არგუმენტიც აქვს. რეზო ხარაზი, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტს იხსენებს, რომელზეც ასევე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობდა და რომელზეც, 2023 წლის დასკვნაში, სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ თანხები კომპანიას აქვს მითვისებული. ოპონენტი, ასახელებს გმირთა ხეივნის გაჭიანურებულ და დაუსრულებელ პროექტსაც, რისთვისაც მილიონობით ლარი ანაზღაურებულია, გეგმა კი შესრულებულ სამუშაოს ჩამორჩება. იგი, 2022 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. დარღვეული ვადების გამო კი პროექტი 71 ათასი ლარით გაძვირდა.
ტექნიკურ დავალებაში წერია, რომ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ლოკაცია. კონკრეტულად რომელი, ამის შესახებ არსად, მათ შორის, არც ხელშეკრულებაში, მითითებული არაა. მხარეებს შორის ხელშეკრულება სექტემბერში გაფორმდა, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, „საბა კონსტრაქშენს“ 60 მლ. უკვე გადაურიცხა. საეჭვო ტენდერის შესწავლა „ფაქტ-მეტრმა“ დაიწყო და საკითხის გარკვევა შემსყიდველ უწყებაში სცადა.
ფაქტია, რომ „საბა კონსტრაქშენი“ აჭარაში არაერთ მსხვილბიუჯეტიან პროექტს ახორციელებს და თითქმის ყველას ვადაგადაცილებებით. „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსს, მტკიცებულებად, კიდევ ერთი ასეთი პროექტი მოჰყავს - ჩაქვში მშენებარე ძალოსნობის დარბაზი.
„საბა კონსტრაქშენი“ იყო ქვეყნის მასშტაბით, იმ ტენდერების გამარჯვებული, რომლებსაც სახელმწიფო „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში აცხადებდა. ვალდებულებები მაშინაც არასრულყოფილად აქვს შესრულებული. კომპანიასთან დაკავშირება, ამჯერადაც შეუძლებელი აღმოჩნდა. შენიშვნებს და კითხვებს არც მუნიციპალური განვითარების ფონდში პასუხობენ. მხოლოდ მოკლე, ზეპირი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ ოპონენტები იტყუებიან, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და გადაცდომებს ადგილი არ აქვს.
1728455482
1727447820