სოჭის პორტში ამბობენ, რომ ბათუმთან საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„აფხაზეთსა და ბათუმთან საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - შესაბამისი განცხადება სოჭის ნავსადგურის ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. იური ვლადიმიროვის განმარტებით, მარშრუტი ბათუმის პორტში შესრულდება, რაც დიდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. ვლადიმიროვს არ დაუსახელებია, კონკრეტულად, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

დირექტორის განცხადებას გამოეხმაურნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. აქ ამბობენ, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, რუსი მაღალჩინოსნები ღიად საუბრობენ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე.

მეტის ნახვა