თუ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე გართულებული დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსებისთვის.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული (და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება), რომ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას, პირველი, ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში 2 წერილია შესული. ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის, მეორე - მედიკოსების. ისინი მზად არიან, ზურაბიშვილს გააცნონ მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნები და წარუდგინონ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობის არგუმენტები.

მეტის ნახვა