ახალი ამბები • 1747046220
უკრაინა ომის ზღვარზე - გამოხმაურება საქართველოდან
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურნენ. თითქმის იდენტური პოზიციებით, ისინი ამბობენ, რომ ეს იმ სცენარის გამეორებაა, რამაც 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია გამოიწვია. მხარეთა განმარტებები ჩვენს რეპორტაჟში.
ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” ცნობას გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი იყო. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპანტის ქვეყნის ქმედებები Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაგმო. დაწერა, რომ ეს იმ სცენარის გამეორებაა, რამაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია.
"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "აღიარებას" - ეს არის იმ სცენარის გამეორება, რამაც ჩვენი ტერიტორების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო დგას თქვენთან - პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას", - ამბობს პრეზიდენტი
თითქმის იდენტური პოზიციით გამოეხმაურა პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგოდ მოიხსენია.
"დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას." - ამბობს ღარიბაშვილი
საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად შეაფასა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩვენი ქვეყანა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს მტკიცედ უჭერს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ამ ნაბიჯზე საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება ექნება.
„საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს“.
შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ „რესპუბლიკებად“ სცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.

1739131407