ვინ უერთდება სალომე ზურაბიშვილის ინიცირებულ "ქართულ ქარტიას"?

ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ რამდენიმე ოპოზიციური პარტია უერთდება. მათ შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“,

ოპოზიციური პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ქარტია საქართველოს მოქალაქეების  უმრავლესობის ნებას გამოხატავს. 

სალომე ზურაბიშვილმა  ქართულ ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ქარტია" და სამოქმედო გეგმა გუშინ, 26 მაისს შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა და ქვეყანაში უნდა იყოს სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. 

 

"სხვანაირი ერთობა - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ. მისი შესრულებისთვის ევროპული მომავლის ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებას. პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ხელმოწერის მერე საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა, როგორი იქნება ეს და რა სტრატეგია ექნება, ეს მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რო თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან, ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არათუ ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას... სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები, რეალურად, იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი. ევროპულ მომავალს.

სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული  გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რიკსებს, მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.

სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტის ნახვა