ახალი ამბები • 1763483982
"ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს" - პრეზიდენტი
დასახელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ნანობს. სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას უხდის ბოდიშს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა წარადგინა. ამის შესახებ ქვეყნის მთავარსარდალმა საგანგებო ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც თურნავამ პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა „უვადოდ გადადო“.
ზურაბიშვილის შეფასებით, თურნავამ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აუცილებელი და შესაძლებელია. პასუხისმგებლობის აღებისკენ მან საბჭოს წევრებს მოუწოდა.
პრეზიდენტი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციასაც, რომელიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უძღოდა წინ. ქვეყნის მთავარსარდლის განმარტებით, განცხადება მუქარას შეიცავდა, ირაკლი კობახიძის საქციელი კი „უღირსი“ იყო.
მისი თქმით, კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ამას დაემორჩილა.
1756113571





















