"ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები - ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში "ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები" .

პაველ ჰერჩინსკის თქმითვე, ძალადობა მიუღებელია, წამება უნდა შეჩერდეს, ხოლო უსამართლოდ დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ.

"ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა იქნას გამოძიებული ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული, ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ რაც შეიძლება მალე.

როგორც უკვე გითხარით, მომდევნო კვირას იქნება სამი მნიშვნელოვანი ღონისძიება ბრიუსელში. ორშაბათს იქნება საგარეო საქმეთა საბჭო, სადაც მინისტრები განიხილავენ საქართველოს, შემდეგ იქნება ზოგადი პირველი საბჭო, ევროპელი მინისტრები განიხილავენ საქართველოს და კვირის ბოლოს იქნება ევროპის საბჭოს მინისტერიალი და ევროპელი მინისტრები განიხილავენ საქართველოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული მდგომარეობით. ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივაა, რომ შეწყდეს საუბარი და გადავიდეთ ქმედებებზე.

სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ეს მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას. ახლა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრიუსელში, რათა შეთანხმდეს სხვადასხვა ზომები და იმედი მაქვს, რომ 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდება კონკრეტულ ზომებზე. ასე რომ დაველოდოთ ორშაბათს, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია, სანქციები. ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება...

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და დავსაჯოთ ისინი. იმიტომ, რომ ეს ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. ამიტომ, ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა, ჩვენი მიზანია ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არის მიუღებელი."- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. 

მეტის ნახვა