ახალი ამბები • 1728068947
ბაირამის ლოცვა წვიმაში | მოთხოვნა, რომელსაც მუსლიმებს წლებია არ უსრულებენ
ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმში არსებულ მეჩეთში სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. სალოცავის სივიწროვის გამო, მორწმუნეთა ნაწილმა მეჩეთში, ნაწილმა კი ღია ცის ქვეშ, წვიმაში ილოცა. მუსლიმ მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანაგუნდელებთან ერთად მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებს მუფთმა და აქტივისტებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდეს.
ეს პირველი პრეცედენტია, როცა მუსლიმმა ქალებმა ხმა აიმაღლეს და მთავრობის თავმჯდომარეს ახალი მეჩეთის მშენებლობა ღიად მოსთხოვეს. ხუტბეზე მდგარი ნესტან ანანიძე თორნიკე რიჟვაძეს არაერთხელ გაცემული დაპირების დროულად შესრულებას სთხოვდა. „ბაირამს გილოცავთ“ - რიჟვაძის სათქმელი მწვავე კრიტიკაზე
მწირე სივრცისა და მორწმუნეების მრავალრიცხოვნობის გამო, მუსლიმებს ლოცვა, წვიმასა თუ დარში, ღია ცის ქვეში, პირდაპირ ქუჩაში უწევთ. ამის მომსწრე აჭარის მთავრობა დღესაც აღმოჩნდა.
ქართველი მუსლიმები, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას წლებია ითხოვენ. დაპირების მიუხედავად, მრევლი ობიექტის აშენების ნებართვას 7 წლის მანძილზე ვერა და ვერ იღებს. მორწმუნეები, მთავრობისა და მერიის პასუხისმგებლობასთან ერთად, საპატრიარქოს როლზეც საუბრობენ.
მორწმუნეები თვლიან, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წარმომადგენლებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს და მოითხოვეს, რომ ბათუმის მერიამ დროულად გასცეს სამლოცველოს აშენების ნებართვა. მათივე შეფასებით, მეჩეთის მშენებლობა ხელოვნურად ჭიანურდება. ისინი უნდობლობას უცხადებენ რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოსაც. მორწმუნეები, ცოტა ხნის წინ ადიგენში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურნენ.
მუსლიმი თემი გადაწყვეტილებას მეშვიდე წელია ელოდება. მათ პირველად სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. სამლოცველოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა. მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად უდგება თემს და ამ მოტივით ამბობს უარს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. უწყებაში პასუხისმგებელმა პირებმა თემაზე საუბარი არც დღეს ისურვებს.
1726726009