ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა - დეკანოზი დავით ისაკაძე

დეკანოზი

სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებებითა და საზოგადოებაში პრორუსული განწყობებით ცნობილმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგებისას თქვა, რომ ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა. 

"ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში 1 წლის წინ. იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. გარდა იმისა, რომ იქ მუსიკა იქნებოდა, სხვა რამ ჩვენთვის ცნობილი არ იყო. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი. ამ ყველაფერს ისინი ამბობენ.

შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს - და აი, რისხვაც. 

ჭირისუფლები კითხულობენ, რომ აი, რატომ ეს ბავშვი? ეს რატომ მოხდაო? ჩვენ ვიცით, რომ მონათლული ბავშვი და თან ასეთი განსაცდელისას გასული, ცათა სასუფეველს უეჭველად დაიმკვიდრებს. მაგრამ, ტკივილი ხომ არის? მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა.

უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის. არამედ, ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს," - განაცხადა დეკანოზმა ამბიონიდან.

მეტის ნახვა