საქართველოში დღეს მიცვალებულებს იხსენებენ

საქართველოში დღეს მიცვალებულებს იხსენებენ. აღდგომის მეორე დღეს, მორწმუნეები, ტრადიციულად, საფლავებზე გადიან და თავიანთ გარდაცვლილებს, ქრისტეს აღდგომას ახარებენ. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთი ტრადიცია აქვს - აკურთხებენ საფლავებს. 

ტრადიციად ქცეული რიტუალი დღესაც შესრულდა. მიცვალებულთა საფლავები, დილიდან ეკურთხა.

ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს, საფლავთა კურთხევის ტრადიციას, საფუძველი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაუყარა. ტრადიცია, არასოდეს ირღვევა ქალაქის პირველ და ყველაზე დიდ, ფერიის სასაფლაოზე. რიტუალი ფერიის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თევდორემ აღასრულა.

გარდაცვლილთა ხსოვნის და საფლავთა კურთხევის დღეს, მართლმადიდებელი  მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე სააღდგომო ნობათით გადიან. მიაქვთ პასკა, სააღდგომო კვერცხები, ანთებენ სანთელს და ქრისტეს აღდგომას ახარებენ.

აღდგომა, მართლმადიდებლურ რწმენაში, ეს არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, სწორედ, ამიტომ, დღევანდელი დღის ტრადიცია: მიცვალებულთა გახსენება, მათთვის დღესასწაულის მილოცვა და საფლავების კურთხევა, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს უკავშირდება.

მართლმადიდებელი ქრისტიანები, მიცვალებულებს იხსენებენ ბრწყინვალე შვიდეულის დასრულების შემდეგაც, პირველივე სამშაბათს, ანუ, აღდგომის დღესასწაულიდან მეცხრე დღეს. ამ დღეს, ტაძრებში, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები ტარდება.

მეტის ნახვა