რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ

ტუბერკულოზი

ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ტუბერკულოზის მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად. ფილტვის ტუბერკულოზი გადამდებია. ტუბერკულოზით დაავადების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში, ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის მეშვეობით, მზის სხივები ტუბერკულოზის ბაქტერიას კლავს,  ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) არ გადადის. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვებში.

ტუბერკულოზის ბაცილის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს დაავადებას. ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული.  დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. იმუნიტეტს განსაკუთრებით ასუსტებს  შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ–ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.  პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ტარდება სამშობიაროშივე - BCG-ვაქცინა.

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის II ნახევარში;

ადვილად დაღლა;

ღამის ოფლიანობა;

მადის დაქვეითება;

წონაში დაკლება;

შრომისუნარის დაქვეითება.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა, უმეტესად ნახველის გამოყოფით;

სისხლიანი ხველა;

ფილტვებიდან სისხლდენა;

ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;

ჰაერის უკმარისობა.

საეჭვო სიმპტომების არსებობისას მაშინვე მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ ფტიზიატრთან დიაგნოზის დასაზუსტებლად. 

დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს. მკურნალობის ინტენსიური ფაზა მოიცავს დაახლოებით 2-3 თვეს, ხოლო მთლიანი კურსი საშუალოდ 6-9 თვეს.

იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი დაავადებულია ტუბერკულოზით და მან არ იცის ამის შესახებ, ის საფრთხეს უქმნის როგორც თავის ჯანმრთელობას, ასევე გარშემომყოფებს.

მნიშვნელოვანია:

ყველა ტუბერკულოზით დაავადებულმა უწყვეტად იმკურნალოს ტუბდაწესებულებაში, სპეციალისტების მეთვალყურების ქვეშ და რეჟიმის ზუსტი დაცვით.

გადამდებ სტადიაში ტუბერკულოზით დაავადებულმა თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისა და ღია კონტაქტისგან, ატაროს ნიღაბი, ხველისას აიფაროს ხელი ან ერთჯერადი ხელსახოცი, ხშირად გაანიავოს ოთახი.

თუ გინდათ განიკურნოთ, ჩაიტარეთ ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის სრული კურსი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დროულად აღმოჩენილი და სწორად ნამკურნალები ტუბერკულოზი, განკურნებადია!

 

წყარო: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

მეტის ნახვა