ახალი ამბები • 1756113571
აჭარის შესახებ საუდის არაბეთის რეიტინგული ტელეკომპანია “MBCI” გადაცემას ამზადებს

აჭარის შესახებ საუდის არაბეთის რეიტინგული ტელეკომპანია “MBCI” გადაცემას ამზადებს. გადაცემა „Sabah El Kheir Ya Arab”-ის გადამღებმა ჯგუფმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმოგზაურა. მათ ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდა ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და ჩირუხის ხეობა თავისი ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით. გარდა აჭარისა ტელეკომპანია “MBCI” სპეციალურ სატელევიზიო ეპიზოდებს ამზადებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ.
გადამღები ჯგუფი უკვე სტუმრობდა თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოსა და შეკვეთილს, რის შემდეგად გადაღებებს წალკასა და კახეთში გააგრძელებენ. ისინი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. “საუდის არაბეთიდან რეგიონში გვაქვს პირდაპირი ფრენები, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პოტენციურ ტურისტებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ ეპიზოდებში წარმოჩენილი იქნება ის ულამაზესი ბუნება, გასტრონომია, ტრადიციები და ტურისტული პროდუქტები, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. აჭარას უცხოელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერების წლის განმავლობაში აქტიურად სტუმრობენ, რაც გვეხმარება თანამედროვე, ციფრულ სამყაროში სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

1746451221

1745312322