როგორი იყო ტურისტული სეზონი აჭარაში - მოქალაქეების შეფასებები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რეგიონის პოპულარიზაციას, სამიზნე ქვეყნებში აქტიურად ეწევა. ამისთვის სოლიდური თანხებიც იხარჯება. შედეგებს სეზონის დასრულების შემდეგ, ყოველ წელს აჯამებენ. რამდენად მიაღწიეს მიზანს?  ვიდრე წლევანდელ ჩავლილ სეზონს დეპარტამენტი შეაჯამებს, შედეგებზე ბათუმელები საუბრობენ. ამბობენ, რომ მოლოდინები  არ გაუმართლდათ.

ერთი რიგითი ბათუმელისთვის, რუსიფიკაცია ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამბობს, რომ ისე არასოდეს შეწუხებულა ოკუპანტების ჩამოსახლებით, როგორც ეს ამ ზაფხულში გამოჩნდა. პროცესი სამი თვის წინ არ დაწყებულა, მაგრამ მათგან ისეთი სითამამე არ ახსოვს, როგორც ახლა.

რუსებთან ერთად, ქალაქში, წელს ბევრი სხვაც იყო, თუმცა ბათუმელები ამბობენ, რომ ტურისტების შემოდინება წელს ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წლებში, მათ შორის პირველ პოსტპანდემიურ წელს. უძრავი ქონება ახლა უფრო იყიდება, ვიდრე ქირავდება, მოლოდინი სხვა იყო და ამიტომაც რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, მეტი ფინანსური სტაბილურობა, წელს ეს ვერ მიიღეს.

ბათუმში ცხოვრება და დასვენება ისეთი ძვირი არასოდეს ყოფილა როგორც დღეს, ამიტომაც ეს მთავარი გამოწვევა იყო და ახლაც არის როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის.

მზიანი ამინდები ტურისტულ ქალაქში ნამდვილად გამართლებაზეა,  ამიტომაც, ვისთვის ცხელი და სასიამოვნო აღმოჩნდა და ვისთვის კიდევ პირიქით. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ზაფხული ადგილობრივების დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებული სეზონი ვერ არის და გართობის და დასვენების თვეებს ისევ მუშაობაში ატარებენ.

გამართლდა თუ არა აჭარის მთავრობის პროგნოზი, შემოვიდა თუ არა მილიონობით ტურისტი, ოფიციალურ სტატისტიკას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ალბათ წლის ბოლომდე დაითვლის, თუმცა ფაქტი ერთია, სეზონით ბათუმელების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა.

მეტის ნახვა