საიდან გაჩნდა "ომიკრონი" - მეცნიერების 3 სავარაუდო თეორია

ომიკრონი

საიდან გაჩნდა "ომიკრონი" - საკითხთან დაკავშირებით, სამი თეორია დომინირებს. Deutsche Welle-მ თითოეული მათგანი გაგვაცნო.

მეცნიერებს აქვთ სამი სავარაუდო თეორია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გაჩენილიყო „ომიკრონი“ და მისი წინამორბედები. პირველი თეორიის თანახმად, შესაძლოა, იგი ჩამოყალიბდა იზოლირებულ პოპულაციაში, სადაც ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა, ბევრი შეუმჩნევლად დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა კიდეც ისე, რომ ტესტებმა ეს არ აჩვენა.

ამ თეორიას მხარს უჭერს ბერლინის Charité-ის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი. ჟურნალ Science-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ”ჩემი მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ „ომიკრონი“ არ გაჩენილა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის გამოვლინდა. ვფიქრობ, ეს ახალი შტამი ჩამოყალიბდა სადღაც სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის ზამთრის ტალღის დროს. იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ვირუსის განვითარებისთვის კი აუცილებელია კოლოსალური ევოლუციური ზეწოლა“.
 
ამ თეორიას არადამაჯერებლად მიიჩნევს ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ენდრიუ რემბაუტი. ”დარწმუნებული არ ვარ, მსოფლიოში არსებობს ადგილი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, რომ არსებობს ალბათობა, ვირუსის ეს ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ იქ ყოფილიყო და დედამიწის სხვა წერტილში არ გამოვლენილიყო".

მეორე თეორიის მიხედვით, "ომიკრონი" შეიძლება წარმოქმნილიყო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანში, რომელიც შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირდა. ალბათ ეს იქნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების გამო იმუნური რეაქცია დასუსტებული ჰქონდა.

მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კიბოთი ან აივ/შიდსით დაავადებული პაციენტი. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები კორონავირუსს უფრო დიდხანს ებრძვიან. შესაბამისად, მას აქვს დრო, მუტაცია განიცადოს და ჩამოაყალიბოს ისეთი შტამი, რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გვერდის ავლა შეუძლია.

ამ თეორიას მხარს უჭერს კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რიჩარდ ლესელსი. მას მაგალითად მოჰყავს ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელსაც შიდსი ჰქონდა. ის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის მატარებელი იყო. მას და სხვა პაციენტებს, რომელთაც ინფექცია რამდენიმე კვირას ან თვეს გაუგრძელდათ, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი მუტაციები აღმოაჩნდათ.

იმავდროულად, ქრისტიან დროსტენი არ ეთანხმება ამ თეორიას და მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, მაგრამ უნარი, ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გაავრცელონ, შემცირებულია. მაშინ, როცა "ომიკრონი", სხვა შტამებთან შედარებით, უფრო გადამდებია.

მეტის ნახვა