ბათუმში, საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო - როდის დასრულდება და რა იქნება ახალი | ინფორმაცია

ბულვარი

ბათუმში, საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. გირლიანდებისა და ფერადი განათებები მონტაჟი, ამ ეტაპზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ქუჩები წელს ახალი სანათებით მოირთვება.

სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი გამოიყო. სამუშაოებს წელსაც შ.პ.ს. "აჭარგანათება" ახორციელებს, რომელიც ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. [აქვე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს “აჭარგანათება” სახელმწიფო შესყიდვებს?]

"წელს, ბათუმის ქუჩები ახალი სანათებით იქნება მორთული. საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების, საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 5 159 000 ლარია გათვალისწინებული", - გვითხრეს უწყებაში. 

რაც შეეხება ნაძვის ხეს, ახალი წლის მთავარი ატრიბუტი წელსაც, სავარაუდოდ, ევროპის მოედანზე დაიდგმება.

აქვე შეგახსენებთ: გასულ წელს, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე კრიტიკის საგანი გახდა. ბათუმელები გააღიზიანა იმან, რომ ვერ მიიღეს ის, რაც შეუკვეთეს.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ანთების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ესწრებოდა.

შარშან, აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი მოწონება ქობულეთის ნაძვის ხემ დაიმსახურა. ამას სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ემოციები, კომენტარები და გაზიარებები ნათლად აჩვენებდა. მაშინ, ყველას საერთო კითხვა ჰქონდა - როგორ შეძლო ქობულეთის მერიამ 145 ათას ლარად ისეთი დიზაინის შერჩევა, რომლის მიახლოებული ეფექტის მოხდენაც ბათუმის მერიამ მილიონადაც კი ვერ შეძლო.

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი [არქივი]

მეტის ნახვა