დახარჯული მილიონები და გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლები ქობულეთში

დახარჯული მილიონები და გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლები ქობულეთში. მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მილებით ტერიტორიები თითქმის ორი წლის წინ დაქსელეს, თუმცა სერვისით დღემდე არავის უსარგებლია. არადა წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მთავარი დაპირება სწორედ გაზიფიცირება იყო. დღეს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც რბილი სავარძლები ამომრჩევლების მოტყუების ხარჯზე მოირგეს, კითხვებზე პასუხების გაცემას გაურბიან.

ასე ხუმრობენ ალამბარში მცხოვრებლები სოფლის გაზიფიცირების საკითხზე. იმედი, რომ სოფელში ბუნებრივ აირს ჩართავდნენ პირველად წინასაარჩევნოდ გაუმყარდათ, თუმცა, როგორც ჩანს ტერიტორია გაზის მილებით , ფორმალურად დაქსელეს, რადგან ბუნებრივი აირი მილებში არ გაუშვიათ. მოქალაქეები, ახლა, მომდევნო არჩევნებს და დამაიმედებელ განცხადებებს ელოდებიან. გაზის ჩართვაში ეჭვი ეპარებათ, თუმცა იმაში არა, რომ ,,ქართული ოცნება'', ოცნების კოშკებს არჩევნებში გამარჯვების იმედით მოსახლეობას ისევ აუგებს.

ალამბარი

რამდენიმე მილიონიანი პროექტი, დაახლოებით, ორი წლის წინ დაიწყო. კარდაკარის პრინციპით მოსიარულე დეპუტატები მოქალაქეებს დამაჯერებელი ტონით არწმუნებდნენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, ქობულეთის სოფლები გაზით იქნებოდა უზრუნველყოფილი. იმისთვის, რომ ტერიტორიები მილებით დაექსელათ გზები გადათხარეს, ასფალტი აყარეს და რეაბილიტირებული ადგილები იმ მიზეზით დააზინეს, რომ ბუნებრივი აირი სოფლებს შეუფერხებლად მიწოდებოდა. დღევანდელი მოცემულობით ფაქტია, რომ დახარჯული ხალხის ფული ისევ წყალში გადაიყარა.

ქობულეთის სოფლებში, სადაც გაზის მილები დაამონტაჟეს, აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხდო შესრულდა. სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ კონსტრუქციის დემონტაჟი გახდება საჭირო. დაქსელილი მილების ნაწილი კი, უკვე ამორტიზებული და წაქცეულია.

ზემოთ ჩამოთვლილ სამ სოფელთან ერთად გაზი, არც სოფელ აჭყვისთავში აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულებას სიხარულით და გაზის ჩართვის იმედით ელოდებოდნენ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეუსრულებელ სამუშაოებზე მმართველი გუნდი პასუხიმგებლობას იცილებს და არჩევნების შემდეგ მოქალაქეებთან გამოჩენას თავს არიდებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" წყალში გადაყრილ მილიონებსა და კორუფციაზე საუბრობენ.

ქობულეთის მერიაში კითხვებზე პასუხების გასაცემად კამერის წინ არავინ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია მოქალაქეები გაზის ჩართვას უშედეგოდ ელოდებიან, მთავარ შეკითხვაზე საპასუხო, წერილობითი კომენტარი, თავის ქების ტექსტით და იმ წინადადებით იწყება, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი პრიორიტეტი სოფლების გაზიფიცირებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ბოლო ათ წელში გაზიფიცირებული სოფლები ვრცლად ჩამოგვითვალა, თუმცა, მოკლედ გვიპასუხა არაგაზიფიცირებულ დასახლებებზე. უწყებაში ვერ განხორციელებულ პროექტებს, ოცნების გუნდის ჩვეული ნარატივით, კვლავ, პანდემიას უკავშირებენ. არადა, მოსახლეობას გაზიფიცირებას, სწორედ პანდემიის პერიოდში, წინაასარჩევნოდ ჰპირდებოდნენ.

ამ ეტაპზე გაზის მილების დამონტაჟება დასრულებულია სოფლებში - ქაქუთი; აჭი; ლეღვა; ცხრაფონა; სკურა; წყავროკა; მუხაესტატე; ალამბარი; ზედა სამება; ზენითი; აჭყვისთავი; კოხი; ოხტომი. ასევე აღვნიშნავთ, რომ პანდემიურმა პერიოდმა დროებით შეაჩერა გაზის გაშვების სამუშაოები. თუმცა ახლაც, აქტიურად მიმდინარეობს ყველა ტექნიკური საკითხის შესწავლა, რომ მოხდეს სამუშაოების დასრულება და მოსახლეობას, უსაფრთხოდ მიეწოდოს ბუნებრივი აირი.

დასახელებულ სოფლებში ქსელის მოწყობის სამუშაოები შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2020 წელს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადა იმავე წელს ამოიწურა. განმარტებებისთვის ყველა პასუხისმგებელ მხარეს დავუკავშირდით, თუმცა, კითხვებზე პასუხების გასაცემად, მზად არავინ აღმოჩნდა. ქობულეთის მერიის წერილობითი კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებენ მოქალაქეები ბუნებრივ აირს, კვლავ, გაურკვეველია.

მეტის ნახვა