მიუსაფარი ცხოველები თავშესაფრის გარეშე - დაპირება, რომელიც ცარიელ სიტყვებად დარჩა

დაპირება, რომელიც ცარიელ სიტყვებად დარჩა - მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობის იდეა ისევ განუხორციელებელია. ბათუმის ქუჩებში, ასობით ძაღლი ზამთარსა თუ ზაფხულში ღია ცის ქვეშაა. ფაქტი საზოგადოების ნაწილისთვის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიუღებელია,  ნაწილი კი პრობლემაზე ადეკვატურ და დროულ რეაგირებას ითხოვს. მმართველი გუნდი ქმედებისკენ  ხალხს მოუწოდებს, თუმცა როგორც ჩანს, საკითხის გადასაჭრელად  ინიციატივა თავად არ აქვს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვლადიმერ მგალობლიშვილის რეზონანსული ფეისბუქ პოსტის შემდგომ პრობლემა კვლავ დღის წესრიგს დაუბრუნდა.

ეს მოკლე ამონარიდია, იმ ფეისბუქ პოსტიდან, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, საჯაროდ, დაწერა. ლადო მგალობლიშვილი მიუსაფარ ცხოველებს „აგრესიულ ჯგუფს“ უწოდებს. წერს, რომ საზოგადოებამ, თვითმმართველობასთან ერთად, უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი სურათი ქალაქში აღიკვეთოს. კონკრეტულად, რას გულისხმობდა დეპუტატი, უცნობია. არსებული სურათი კი, ასეთია, ბათუმის მერიას დაპირებული ცხოველთა თავშესაფარი, დღემდე, არ აუშენებია.

რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 11 წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ოთხფეხა მეგობართა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო  და მიუსაფარი ცხოველები, ქარში, წვიმასა თუ სიცივეში გარეთ არ ყოფილიყვნენ? ცხოველთა მოყვარული ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ კუთხით, არ უზრუნია. წლების განმავლობაში დაპირებული და არ აშენებული, ცხოველთა თავშესაფრის იდეა, ვერა და ვერ განხორციელდა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პრეტენზიები აქვს, თუმცა, გამოსავლის გზებზე ვერ საუბრობს. როგორც ჩანს, მმართველ გუნდს, არც იმაზე უზრუნია, რომ ცხოველთა საყოველთაო კასტრაცია-სტერილიზაცია უზრუნველყოს. ცხოველთა დამცველის შეფასებით, უმრავლესობის წევრის მხრიდან, მსგავსი აქცენტები, ცხოველებზე ძალადობის ფაქტებს წაახალისებს.

მმართველი გუნდი, რომ მიუსაფარი ცხოველებს ვერ იცავს და ვერც მათი გამრავლების აღკვეთის საკითხს უზრუნველყოფს, ეჭვი მარიამ გვარიშვილს არ ეპარება. ცხოველთა მოყვარული ამბობს, რომ ორჯერ ჩავარდნილი და ხელახლა გამოცხადებისთვის გამზადებული ტენდერი, დროში იწელება.

ბუნებრივია, ლადო მგალობლიშვილისთვის გვინდოდა გვეკითხა, რას გულისხმობდა, მიუსაფარი ცხოველების ქუჩაში ყოფნის აღკვეთის საკითხში ან თავად 11 წლის განმავლობაში რა გააკეთა იმისათვის, რომ ქალაქში არსებული სურათი შეცვლილიყო. დეპუტატს ვერ დავუკავშირდით. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი გვითხრეს, რომ თავშესაფრის აშენების პროცესი, ჯერ კიდევ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა.

მეტის ნახვა