NGO-ები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ

ქართველი ხალხის „არა“, რომელსაც „ოცნება“ არ ითვალისწინებს. „უცხოური გავლენის აგენტობიდან“- „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებამდე“ - შეცვლილი სათაური უცვლელი პირობებით. ივანიშვილის ხელისუფლება ერთი წლის წინ დაინიცირებულ და შემდეგ უკან გამოთხოვილ კანონპროექტს მიუბრუნდა. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სახიფათო დოკუმენტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა. ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დასავლეთთან ბრძოლას ემსახურება და რუსული გავლენების გაძლიერებას ემსახურება. ზუსტად ნახევარ საათში დედაქალაქი პროტესტისთვის ემზადება.

ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის კონტროლის მიზეზით უკვე მეორედ დარეგიტრირებული კანონპროექტი ქვეყანაში კვლავ კრიტიკის საგანი ხდება. გასულ წელს 100 ათასობით მოქალაქის პროტესტი „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვეში დაავიწყდა და დღის წესრიგში კვლავ ეს საკითხი წამოჭრა. ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მიიჩნევს, რომ  ამ კანონის მიზანი კრიტიკული ხმის ჩახშობაა, რათა მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე ვეღარ ასახონ.

საზოგადოებრივი განვითარების აკადემიაში გასული წლის მსგავსად რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგებს იხსენებენ, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები დაიხურა, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.  რომა დოლაბერიძე ამბობს, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც დონორების მიერ ფინანსდება, ისედაც გამჭვირვალეა და ანგარიშები ხელმისაწვდომი. რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ რეალური მიზანი, რუსეთთან დაახლოებაა.

რუსული კანონი არამხოლოდ ასუსტებს და ავიწროვებს არასამთავრობო სექტორსა თუ მედიაორგანიზაციებს, არამედ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს. "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", მიაჩნიათ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს, დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები და სხვა. თომა კაკაბაძის თქმით, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

სამოქალაქო აქტივისტები და ბათუმში „შინ ევროპისკენ“ აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ ნახსენები კანონის მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს. მათი თქმით, დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში ქართველი ხალხი, „ოცნების“ ხელისუფლებას მასშტაბურ აქციებთან ერთად, მოახლოებულ არჩევნებზე გასცემს პასუხს.

ერთი წლის წინ დაინიცირებული კანონი, რომელიც პარლამენტმა ქართველი ხალხის პროტესტის ფონზე გაიწვია, საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ქართული ოცნების მიერ გუშინ დარეგისტრირდა. პირველი განხილვა 8 აპრილსაა ჩანიშნული.

მეტის ნახვა