ახალი ამბები • 1749729270
ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ უვიზო მიმოსვლა შევზღუდოთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის| პაველ ჰერჩინსკი

"უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განხორციელებულა და უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია მარტივი მიზეზის გამო, არ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო"-აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
"სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ვითარება არ არის სახარბიელო. მე ძალიან ღიად ვეუბნებოდი ქართველებს, რომ ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მიმდინარეობს სერიოზული განხილვა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის პასუხად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რაც ქვეყანას ევროპისგან აშორებს. დღეს დგას კითხვა, იმსახურებს თუ არა საქართველო კვლავ იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც მას დღემდე გააჩნდა ევროკავშირთან. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე, მათ შორის, ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა წევრი ქვეყნების 2/3-ის თანხმობა და ეს მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რაც ახლა ისმის. არის მხოლოდ ამ დისკუსიის ერთი ხმა. ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განხორციელებულა და უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია მარტივი მიზეზის გამო, არ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ უვიზო მიმოსვლა შევზღუდოთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის და არა რიგითი მოქალაქეებისთვის, თუმცა მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადების შეფასებისას.

1739131407