რატომ მიიყენა თვითდაზიანება 29 წლის პატიმარმა ბათუმის ციხეში

საპროტესტო აქცია ბათუმის ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებასთან. ოჯახის წევრები 29 წლის სინარ ორუჯოვის ქსნის საპატიმროდან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადმოყვანის ფაქტს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მძიმედ დაავადებული, რომელსაც ქრონიკული ეპილეფსია აქვს, ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს.

20 დღის წინ ბათუმის ნომერ 3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოიყვანეს. სინარ ორუჯოვის ოჯახის წევრები, სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მძიმე ქრონიკული ეპილეფსიით დაავადებულს, სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ ეძლევა. მათი თქმით, მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით  სხეული  დაიზიანა.

ოჯახის წევრების თქმითვე, მათ არ ეძლევათ პატიმართან კომუნიკაციის საშუალება. შესაბამისად, არ იციან, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნავენ, რომ კაცი, სავარაუდოდ სამარტოო საკანშია. აქციის მონაწილეები, მსჯავრდებულის სხვა საპატიმროში გადაყვანას ითხოვენ.

ადვოკატი, სხვა ყველაფერთან ერთად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.

მსჯავრდებულის ოჯახი აცხადებს, რომ თუ კი ორუჯოვი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩება, შესაძლოა მისი ჯანმრთელობა დამძიმდეს და ფატალური შედეგი დადგეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების  არ გათვალისწინების შემთხვევაში,  პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. რაც შეეხება ნომერ მესამე პენიტენციურ დაწესებულებას, ისინი ჟურნალისტების კითხვებს ბრალდებებთან დაკავშირებით არ გამოხმაურებიან და კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეტის ნახვა