საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება მიეცეთ

კრემაცია

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება მიეცეთ. ამას პარლამენტარ ხათუნა სამნიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილეს.

პროექტის ავტორის თქმით, კრემაციის სერვისი კანონმდებლობით არ რეგულირდება და გადაწყვიტა, რომ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი.

კანონპროექტის მომზადებამდე ცვლილების ავტორებმა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევაც ჩაატარეს. აღნიშნულის თანახმად, საქართველოში ადამიანებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი დაკრძალვის ფორმა და მეთოდი.

„კრემაციის სერვისის განვითარების შემთხვევაში, მისი გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი იქნება დაბალი საწყის ეტაპზე და მისი გაზრდა მოსალოდნელია ნელი ტემპით. შესაბამისად, ბაზარს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად მოერგოს ცვლილებებს. სასაფლაო მიწები არის დეფიციტური საქართველოში. კრემაციის სერვისის განვითარება ხელს შეუწყობს სასაფლაო მიწების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტას და მიწის რესურსის გამოთავისუფლებას მიწის რესურსზე მზარდი მოთხოვნის შემცირების გზით; პირველადი შეფასებით საქართველოს ბაზარზე არის საკმარისი მოთხოვნა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კრემაციის სერვისის მომგებიანი მიწოდება,“- წერია მოკვლევაში.

მეტის ნახვა