ცხოვრება სიცოცხლისთვის სარისკო სახლში - ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ

ცხოვრება სიცოცხლისთვის სარისკო სახლში. სუსანიძეების ოჯახი ყვება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ავარიულობის გამო, საკუთარი ბინაც უზიანდებათ. რამდენიმე თვეა  კედლებზე ყოველდღიურად ბზარები ჩნდება, რამდენიმე დღის წინ  კი ბინაში კედლის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოზარდი ცხოვრობს. ადგილობრივების ყოველი დღე იწყება შიშით, რომ შესაძლოა, ბათუმში მომხდარი 8 ოქტომბრის ტრაგედია ისევ განმეორდეს. ისინი მერიას დახმარებას და დროულ რეაგირებას სთხოვენ.

კედლის ნაწილი, რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ინციდენტისას, ოთახში ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოზარდს ეძინა. ბინა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რომაა, ამას ჩვენს მიერ გადაღებული კადრებიც მოწმობს.

კორპუსი, სადაც სუსანიძეები ცხოვრობენ ავარილიულია. ბინას სიძველე კარგად ეტყობა. შენობიდან ცვივა ბათქაში და სახლის ყველა ნაწილი, ყოველდღიურად, ერთი მეორის მიყოლებით იბზარება.

ფაქტის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში. კორპუსის ავარიულობაზე სიუჟეტი, “TV25”-მა, რამდენიმე თვის წინ მოამზადა. შვიდი თვის შემდეგ, აქ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, უარესობისკენ. ლეილა სუსანიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა, მათგან კონკრეტული დახმარება, ოჯახს, ამ დრომდე, არ მიუღია.

რატომ არ დაეხმარა ბათუმის მერია ოჯახს? კითხვით, უწყების მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მივმართეთ. აქ, კვლავ, წერილობით განმარტეს, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმირებულნი არიან. რაც შეეხება, კონკრეტულ ოჯახს. ამბობენ, რომ სუსანიძეებს უწყებისთვის განცხადებით არ მიუმართავთ. აქ შენობის ავარიულობას ადასტურებენ. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა, სამხარაული წერს, რომ სახლი შეკეთებას ექვემდებარება. სწორედ ამით ხსნიან, კორპუსის ავარიული სახლების პროგრამაში ვერ მოხვედრის მიზეზს. ირწმუნებიან, რომ მისი რესტავრირება მოხდება.

მეტის ნახვა