თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს - ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ასე გაგრძელდება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.

„ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტის ნახვა