ბასილაშვილი დოროყაშვილის საქმე - საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია

ბასილაშვილი დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ჩოგბურთელი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

"სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით "ბ" ქვე პუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას, ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეგიძლიათ მხარეებმა გაასაჩივროთ,"- აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაიკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა