ამერიკის მაგინებელთა რიგებს ქობულეთიდანაც უერთდებიან - "ქართული ოცნება" ორმა დეპუტატმა დატოვა

ქობულეთის მერია

ამერიკის მაგინებელთა რიგებს ქობულეთიდანაც უერთდებიან. "ქართული ოცნება" ორმა დეპუტატმა დატოვა. "ხალხის ძალას" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გურამ აბაშიძე და დეპუტატი, გიზო ხალვაში შეუერთდნენ.

ორივე მათგანი TV25.GE-სთან საუბრისას შეცვლილ პოლიტიკურ პოზიციებს ადასტურებენ. გურამ აბაშიძემ გვითხრა, რომ საკითხზე დამატებით განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

გიზო ხალვაშმა კი აღნიშნა, რომ სახალხო მოძრაობის ლიდერების მოსაზრებებს 90 პროცენტით ემხრობა და "ხალხის ძალაში" გადასვლით ღიად ისაუბრეს იმაზე, რასაც "ოცნებაში" ვერ ამბობდა.

"გადავედი ოფიციალურად, მომწონდა "ხალხის ძალის" წარმომადგენლობა და მათი პოზიცია. სრულიად დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩვენი სიტყვა უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, ჩვენი პოზიცია, ქართული, ტრადიციული, ოფიციალურად უნდა იყოს გაცხადებული. ჩვენ არ ვართ ამერიკის და დასავლეთის ღირებულებების წინააღმდეგ, არც არასდროს ვყოფილვართ. ყველაფერი ჩვენით, ზომიერად უნდა გადავწყვიტოთ. ამერიკაც გვინდა, დასავლეთიც გვინდა და ყველა მეზობელთანაც კეთილგონივრული და მეზობლური ურთიერთობები, ანალოგიურად რუსეთთანაც", - უთხრა TV25.GE-ის ხალვაშმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა ოთხეულმა საზოგადოებრივი მოძრაობა რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ოცნება" 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.

მათ რიგებს, მოგვიანებით, გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

მეტის ნახვა