ბათუმის მერმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთის რუკით მიულოცა

ტექნიკური შეცდომა თუ მიზანმიმართული ქმედება - ბათუმის მერი სკანდალში ეხვევა. არჩილ ჩიქოვანმა საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსული რუკის ფონზე მიულოცა, რომელიც ევროკავშირის დროშით იყო დაფარული. ეს, საკრებულოს წინაშე, მონიტორზე, წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას გამოჩნდა. ოპოზიცია ქალაქის მმართველს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. "ქართული ოცნების" წევრები კი, მერის ანგარიშს ტაშით შეეგებნენ. რა განცხადებები მოჰყვა მომხდარს ოპონენტებისგან და რას ამბობს თავად ჩიქოვანი?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკანდალით გაიხსმა ბათუმის საკრებულოს სხდომა. არც მეტი არც ნაკლები, დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე მოულოდნელად გამოჩნდა რუსეთის რუკა, რომელზეც მკრთალად, ევროკავშირის დროშა იყო დატანილი. ეს სლაიდი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ბათუმის მერი, საკრებულოს დარბაზიდან, საზოგადოებას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავდა.

ცხადია ამას აჟიოტაჟი მოჰყვა დარბაზში და რა თქმა უნდა ოპოზიციის მხრიდან. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ერთგვარი დაბნეულობაც კი შეიქმნა ოპონენტების რიგებში, თუმცა განცხადებები მას შემდეგ  გაკეთდა, როცა მერმა საკუთარი გამოსვლა დაასრულა. იგი, 2023 წლის შედეგებს აჯამებდა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა. ოპოზიციამ, ამ ფაქტის გამო, მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მოითხოვეს, გადამდგარიყო თანამდებობიდან.

ამ განცხადებების შემდეგ, მომხადრზე პასუხისმგებლობა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეკლა ჩიჩუამ აიღო, რომელიც ასევე იმყოფებოდა დარბაზში. თქვა, რომ პრეზენტაციის შინაარსზე თავად იმუშავა, რომ ფოტო გრაფიკოსმა ატვირთა, თუმცა პასუხისმგებლობას თავად იღებდა.

ცხადია, ფაქტის გამართლება სცადეს „ქართული ოცნების“ წევრებმა. მექანიკური შეცდომა, უმნიშვნელო ხარვეზი, პატარა ჩრდილი, ამ ტიპის განცხადებებით სცადეს მომხდარის გადაფარვა უმრავლესობამ. ისინი ამბობდნენ რომ ყურადღება არა ამაზე, არამედ 2023 წლის მერის ანგარიშზე და მის შინაარსზე უნდა გამახვილებულიყო. აქვე გეტყვით, რომ უმრავლესობის წევრებმა, არჩილ ჩიქოვანის გამოსვლა, ტაშით დაასრულეს. ოპოზიციის ნაწილმა კი დარბაზი, პროტესტის ნიშნად დატოვა.

მოგვიანებით, არჩილ ჩიქოვანმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების წინაშე.

რა ზომას მიიღებს ბათუმის მერი ფაქტთან დაკავშირებით და ვისი და როგორი იქნება პასუხისმგებლობა, ამაზე კონკრეტულად დღეს მერს არ უსაუბრია. მე შეგახსენებთ, რომ რუსული დროშის ხელში აღების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა იმის გამო, რომ 26 მაისის საზეიმო მსვლელობისას, მემედ აბაშიძის გამზირზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩავლისას, მსვლელობაზე რუსეთის დროშები გამოჩნდა და ტრანსფარანტიც – Russia. და კიდევ, ანალოგიური პროტესტი მოჰყვა, 2023 წლის ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით მომზადებულ ლოგოს, რომელზეც, რუსული ეკლესიის ფოტო იყო დატანილი.

მეტის ნახვა