რას მოუტანს მეტი ქალი პოლიტიკას - სამი ქალის მოსაზრება ქედიდან

სამი ქალი

მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს ქალები შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ისინი არ მონაწილეობენ სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან მათ არ აქვთ საკმარისი წვდომა ძალაუფლებასა და პოლიტიკურ რესურსებთან.

დღემდე საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დაბალია, ამ მხრივ კი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშო მუნიციპალიტეტებშია, ამას ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც ცხადყოფს.

 

რას ცვლის ქალების ყოფნა პოლიტიკაში ან რას მოუტანს მეტი ქალი პოლიტიკას - მოსაზრებები მთიდან.
 

თინა თებიძე ქედაში ცხოვრობს და მუშაობს. ის მუნიციპალიტეტის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობს. თინა ბოლო რამდენიმე წელია ადგილობრივებს დასაქმებაში ეხმარება.

პარალელურად, ყავის გადამამუშავებელი პატარა საწარმო აქვს. მის მიერ წარმოებული და დაფასოებული ყავა ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ყავის საფქვავი თინამ დონორის დახმარებით შეიძინა, რისთვისაც შესაბამისი ბიზნესს გეგმა წარადგინა.

თინა გენდერული საბჭოს წევრიცაა, რომლის ფარგლებშიც აქტიურადაა ჩართული ქალთა საჭიროებების გამოვლენასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. ხშირად ესწრება ქალთა საკითხებზე გამართულს ტრენინგებსა და შეხვედრებს.

თინა ქედის საკრებულოს პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და ოთხი თემის მაჟორიტარი იყო. ის პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

 


 

ქედის მეოთხე მოწვევის საკრებულოში სამი ქალია წარმოდგენილი, მათ შორისაა მზია ბოლქვაძეც. ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“-ის თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ასევე, ძალადობის აღმოფხვრისთვის მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

დეპუტატი ჩვენთან საუბრისას იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტებში ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა აფერხებს.

დღეს არსებული სურათი რომ არასახარბიელოა, მზია ბოლქვაძემ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება გენდერული კვოტირების სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.

 

 


 

პოლიტიკურ პროცესებში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორიც. თინა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ ქალებს მეტად შეუძლიათ გასაჭირის გულთან მიტანა, მოსმენა და მათზე პასუხისმგებლობის აღება.

მისი თქმით, ქალთა უმრავლესობას, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა მიმართულებებზე წვდომის პრობლემა აქვთ. მაგალითად, არ არსებობს მათი გადამზადებისთვის საჭირო პროგრამები, რაც ქალებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის მეტ მოტივაციას მისცემდა.

„აუცილებელია განათლების მაღალი ხარისხი ქალებში, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს  მათ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ქალების ჩართულობას პოლიტიკაში.

თუ კი მუნიციპალიტეტში მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მეტად განვითარდება ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქალებში სიტყვის თავისუფლების პრობლემებს აღმოფხვრის. ასევე, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი ქალების რისკების შემცირებაც, რადგან თავდაჯერებული ქალი,  თავს უკეთ იცავს უსიამოვნებებისგან,“ - ამბობს პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი.

 

 


ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, ქედის საკრებულოში ყველაზე მეტი, ხუთი ქალი 2008-2012 წლებში იყო, მას შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. საკანონმდებლო საქმიანობაში 2014 წელს 2, 2017 წელს 1, ხოლო 2021-ში სამი ქალი იყო ჩართული. ქედას არასდროს ჰყოლია ქალი მერი/გამგებელი. 

 

ავტორები: სულხან მესხიძე; გერა კილაძე

მეტის ნახვა