ახალი ამბები • 1728566105
საფრთხის შემცველი თუ სასარგებლო | პასუხები კითხვებზე, რომელიც ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით ჩნდება
საფრთხის შემცველი თუ სასარგებლო - მთელი ქვეყანა ბოლო ერთი წელია, ე.წ აგენტების შესახებ კანონს განიხილავს. დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამს მთელი დასავლეთი. თავიანთ სიმართლეში, საზოგადოების დარწმუნებას, ყველა მხარე ცდილობს, თუმცა ცხადია ჭეშმარიტება ერთია. ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ ყველაზე აქტუალურ კითხვებს გავცეთ პასუხი, რათა თავად დაინახოთ, არის თუ არა კანონი რუსული და ემსახურება თუ არა რეალურად იგი ენჯეოების გამჭვირვალობას.
„ქართული ოცნება“, სადავო კანონპროექტის დაკანონებას, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნის, თუმცა ვისაც კანონი უნდა შეეხოს, ამბობს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას აქვს მასზე წვდომა. ესენია: საჯარო რეესტრი, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს, მოქმედი „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც სწორედ გრანტების ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურება. ასევე, მოქმედებს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“.
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რატომ არის ეს ცუდი, მით უფრო, როცა სიტყვა აგენტი სათაურიდან ამოღებულია? იგი უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ორგანიზაციების საქმიანობას და აკარგვინებს ნდობას - სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტიც და ოცნების ნარატივიც, ამბობენ კანონპროექტის პოტენციური ადრესატები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, გამოსვლებისას ირწმუნებიან, რომ ანალოგიური კანონი მოქმედებს მაგალითად აშშ-ი. ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც ცრუობს გადაწყვეტილების გამართლებისთვის. რატომ?
ხელისუფლება, კანონპროექტს მოიხსენიებს როგორც ევროპულის ანალოგს. პარალელს ავლებენ საფრანგეთში დარეგისტრირებულ პროექტთანაც, თუმცა იურისტები ამ შემთხვევაშიც, აცამტვერებენ მმართველი გუნდის ნარატივს და იმ საკვანძო ჩანაწერებზე საუბრობენ, რომლითაც შემოთავაზებული ქართული პროექტი, მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლურისგან.
ქართული კანონპროექტი, არ ასხვავებს მტრულ და მეგობრულ სახელმწიფოებს, თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ხშირად, უცხოური ფულით, ექსტრემიზმი ფინანსდება და რომ არასამთავრობო სექტორს, ქვეყნის ომში ჩასართავად იყენებენ. რატომაა ეს დეზინფორმაციული კამპანია?
„ქართული ოცნების“ ნარატივის და შემოთავაზებული დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით, მთავარი, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს აფრთხობს, ეს უკავშირდება რისკს, გაფართოვდეს შინაარსი და იგი ფიზიკურ პირებსაც შეეხოთ, გაქრეს კრიტიკული აზრი როგორც ეს რუსეთში მოხდა. გარდა ამისა, ანალოგიური პროექტი, წელს ძალაში შევიდა ყირგიზეთშიც, რომელიც ასევე რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოა.
1728068947
1726854943
1726726009