როგორია საახალწლო ტრადიციები საქართველოში?

კალანდა

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს განსხვავებულად აღნიშნავდნენ. საახალწლო ტრადიციები და რიტუალები თითოეულ კუთხეს თავისი ჰქონდა და მათი შესრულებით ადამიანებს სჯეროდათ, რომ ახალი წელი წინაზე უკეთესი იქნებოდა. თითოეულ ოჯახს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიკეთესა და სიხარულს მოუტანდა. ამიტომ, არსებულ რიტუალებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.

ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს (ძველი სტილით) მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებოდნენ. კლავდნენ ღორს და ჩიჩილაკს რთავდნენ. მეკვლეს პატიჟებდნენ და მას განსაკუთრებულად ხვდებოდნენ. გურიაში, გურული კვერები ყველითა და კვერცხით ცხვებოდა, ასევე, ნაზუქები, კუპატი და საცივი მზადდებოდა.

იმერეთში მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქა შესთხოვდა. ხონჩაზე ღორის თავს, მწვადს, მოხარშულ დედასი, ხაჭაპურს, ლობიასი, ღერღილის პურსა და ტკბილი კვერებს ალაგებდნენ.

რაჭაში კი საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობდნენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. ასევე აცხობდნენ ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვაგვარად აჭრელებდნენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში შეინახავდა.

ბასილას ქანდაკებას ქართლშიც აცხობდნენ. ასევე, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს - შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებდა, მას ბედის კვერებს შემოუწყობდა და ზედ ბასილას ქანდაკებას დაასვენებდა. ხონჩის ერთ გვერდზე კი „დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებდა. მასზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდა. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს" უწოდებენ.

ახალი წლის ღამეს სვანები კი სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის კარებზე ჩამოკიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა.

 

წყარო: imedinews.ge

მეტის ნახვა