ახალი ამბები • 1728068947
ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განახორციელა, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. ტურისტებს ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.
ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ახალი ბილიკის მოწყობამდე ასვლა, მხოლოდ, მთის აღმართში გაკვალული ბილიკით იყო შესაძლებელი. დღეისთვის კი, მისი დალაშქვრა უკვე ეკოლოგიური და გარემოსთან ადაპტირებული, უსაფრთხო ტურისტული ბილიკითაა შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1726726009