ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო

ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ევროპის მოედანზე სცენის მოწყობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. დაგეგმილია ქუჩის წარმოდგენები და კონცერტები,  ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ევროპის მოედანზე გაიმართება შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, მოეწყობა საბავშვო კუთხე, ასევე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. უწყების ცნობითვე, განხორციელდება პროგრამა ,,ახალი წელი შენს ეზოში“, რომლის ფარგლებშიც ანიმატორები ქალაქის ქუჩებსა და ეზოებში საახალწლო განწყობას შექმნიან. მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება.

კულტურული ღონისძიებებისა და საახალწლო დეკორაციებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან, მილიონ 133 ათასი ლარია გამოყოფილი.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა