რა ნაწილში ირღვევა შრომის კოდექსი ყველაზე ხშირად საქართველოში?

ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკი, მინიმალური საშვებულებო პერიოდი, არაანაზღაურებადი შვებულება და ხელფასის დაგვიანება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მოქალაქეები საუბრობენ. საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ დამსაქმებლები, შრომის პირობებს  უხეშად არღვევენ. ძირითადად რა ნაწილში ირღვევა შრომის კოდექსი? თეო ფუტკარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ. 

ზიმლარ ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც თვლის, რომ მისი  სამუშაო უფლებებიც  უხეშად დაირღვა.  ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, რომ სამსახურიდან პოლიტიკური გემოვნების გამო გაათავისუფლეს.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში იგი დაარსების დღიდან მუშაობდა, თუმცა,  როგორც თავად ამბობს, აიპის ხელმძღვანელმა პოსტის დატოვება მხოლოდ იმიტომ აიძულა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი იყო. ზიმლარი ორი წელია სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.

ზიმლარისგან განსხვავებით, სასამართლოში დავის დაწყებას ერიდება მოქალაქეთა დიდი ნაწილი. ამის მიზეზად იურისტები სამსახურის დაკარგვის შიშს ასახელებენ. მირზა მამულაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით პრობლემური, შრომის კოდექსის აღსრულება კერძო სექტორშია.

კანონის აღსრულების კონტროლის სისუსტეზე  საუბრობენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფასაც უსვამენ ხაზს.

ხედავენ  შრომის კოდექსის დახვეწის აუცილებლობასაც. განსაკუთრებულ გამოწვევად კი ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ნაწილს მიიჩნევენ.

შრომის კოდექსის უგულებელყოფა, რომ გამოწვევაა ამაზე საუბრობენ პროფკავშირებშიც. გიორგი დიასამიძის თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას დამსაქმებლების უმრავლესობა ბოროტად იყენებს. გაერთიანება „ლაბორის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში შრომითი პირობები წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.

შრომითი უფლებების კუთხით  არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ცოტნე ანანიძე ხელს კერძო სექტორისკენ იშვერს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მმართველი გუნდიდან მიიჩნევს,  რომ საზოგადოებამ პრობლემაზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კვირაში სამუშაო დრო 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. დასაქმებულს უფლება აქვს შეისვენოს მინიმუმ ერთი საათი. ზეგანაკვეთური  საათების ანაზღაურება კი ხელფასის ოდენობას უნდა აჭარბებდეს.

მეტის ნახვა