ბათუმის  დამოუკიდებელ სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს - რა სახის დარღვევები გამოვლინდა?

ბათუმის  დამოუკიდებელ სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს. დაწესებულებაში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, რამდენიმე სტუდენტი,  სასწავლებელში ისე სწავლობდა, რომ პროფესიული პროგრამისთვის საჭირო გამოცდები არ ჩაუბარებია და არც ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი. ავტორიზაციის საბჭოს შეფასებით, ამ საუკუნეში დაფიქსირდა სამარცხვინო ფაქტი, როგორიცაა უკანონო ჩარიცხვა და ყალბი დოკუმენტების გაცემა განათლების სისტემაში.

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი, რომელიც ქალაქში 30 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, დღეს, სტუდენტებისთვის დახურულია. სასწავლო პროცესი აქ რამდენიმე დღის წინ შეჩერდა. აუდიტორიების დაცარიელების მიზეზი, სასწავლებლისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა გახდა.

გადაწყვეტილება, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, საბჭოს რვა წევრმა ერთხმად მიიღო. სასწავლებელს ავტორიზაცია 2019 წელს აქვს გავლილი. ოქმში წერია, რომ დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა რამდენიმე გადაცდომას. კერძოდ:

რამდენიმე სტუდენტს, შესაბამისი პროფესიული პროგრამებისთვის საჭირო გამოცდები არ ჩაუბარებიათ და შესაბამისად, არც ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი. ასევე, ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი ფლობდა ინფორმაციას, უკანონობაზე, კონკრეტულად იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდები ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს, იღებდნენ შეფასებებს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე სწავლის საფასურს იხდიდნენ. სასწავლებლის პერსონალი ფაქტს, „თავისუფალი მსმენელების“ არგუმენტით განმარტავს.

ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილება არაობიექტურად მიაჩნიათ სასწავლებლის ადმინისტრაციაში. აქ ამბობენ, რომ  გადაცდომებს ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა, ყველაფერი  გამოსწორებადი იყო. ამტკიცებენ, რომ ადგილი აქვს, სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლის ანგარიშსწორებას. მათი თქმით,  სასწავლებლის ყოფილი თანამშრომლის ხელში იყო დოკუმენტაცია, რომელიც წინა გეგმიური მონიტორინგის დროს გაქრა და რომ დოკუმენტები სწორედ მან გააქრო. შედეგად სტუდენტების საბუთები, საბჭოსთან ვერ წარადგინეს, აღნიშნული ახსნა-განმარტება კი, საბჭომ არ გაითვალისწინა.

ადმინისტრაციაში ასევე ამბობენ, რომ რიგი საკითხები არასწორადაა მოკვლეული. მათი თქმით, პროგრამები, რომელიც ჩამონათვალშია ყველა სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება. კერძოდ, საბაჟო და ბუღალტრული აღრიცხვა. ამტკიცებენ, რომ სტუდენტების უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან ისინი  ინფორმირებულნი იყვნენ, რომ მათთვის სასურველ პროგრამაზე, კვოტის გამოთავისუფლების შემდეგ ჩაირიცხებოდნენ. რაც შეეხება ეროვნული  გამოცდების გვერდის ავლით ახალგაზრდების მიღებას, ადმინისტრაციაში ამ ფაქტსაც უარყოფენ.

დამოუკიდებელი სასწავლებლის დირექტორმა  საკითხზე დეტალურად საუბარი არ ისურვა. ამირან ტაკიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჯამში 225 სტუდენტი ირიცხება. ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ მობილობის გზით  სხვა დაწესებულებაში გადასვლაში პრობლემა იმ გარემოებებიდან გამომდინარე შეექმნებათ, რომ რეგიონის მასშტაბით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ალტერნატიული პროგრამები არ არსებობს. აქ ამბობენ, რომ სტუდენტების უფლებებს, ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო არღვევს, რადგან, შესაძლოა, ახალგაზრდები სასწავლო დაწესებულების მიღმა დარჩნენ.

მეტის ნახვა