აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი ხმაურის ფონზე უყარეს - რა კითხვები ჰქონდა ოპოზიციას?

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიღებული ცვლილებები 2023 წლის ბიუჯეტში. აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატების წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ცვლილებები დაიგეგმა. ეს 8 მილიონ 200 ათასით გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი და  ციტრუსის გაორმაგებული სუბსიდიაა. ცვლილებებია არაფინანსური აქტივების ნაწილში. საპრივატიზაციო ობიექტებიდან დაგეგმილი მისაღები შემოსავალი, მთავრობამ ვერ შეავსო. ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ამ ციფრებით მანიპულირებდა წლის დასაწყისში ხელისუფლება, დღეს კი მხარდასაჭერად, სეკვესტრირებული ბიუჯეტი წარმოადგინეს.

საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა დღევანდელი სხდომა და საკმაოდ მწვავე პოლემიკა იყო დარბაზში. ოპოზიცია ამბობდა, რომ წარმოდგენილი პროექტი, სეკვესტრირებული ბიუჯეტის პროექტი იყო, რადგან მთავრობამ, წლის განმავლობაში ვერ შეძლო იმ შემოსავლების მობილიზება, რომლის პროგნოზიც გააკეთა 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას და თანხები მეტი მომხიბვლელობისთვის, უბრალოდ გაბერა. საუბარია 28 მილიონ ლარზე. ამ შემოსავლების მიღება, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზებო ობიექტებიდან ჰქონდა დაგეგმილი. ლევან ანთაძე საუბრობდა რიგი პროექტების მხოლოდ 50%-იან შესრულებაზეც.

ვერ მივიღებ თქვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს, იმიტომ რომ არ არის პრაქტიკული რეკომენდაციები, ასე უპასუხა ერთ ნაწილში ოპონენტებს მინისტრმა. ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ მთავარია არცერთი მიმდინარე პროგრამა შეჩერებულა, რომ ბიუჯეტის ათვისება ყოველთვის გადადის მომდევნო წლის გაზაფხულზე, რადგან ტენდერების ნაწილი დასასრულებელი, ნაწილი კი ისევ გამოსაცხადებელია.

ბევრ ინფრასტრუქტურულ საკითხზე გამახვილდა ყურადღება ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად იმაზე, რომ დახარჯული მილიონების მიუხედავად, ქალაქი ისევ იტბორება, განსაკუთრებით კი ჭაობის დასახლება, რომ არ ხდება ხარისხიანი ნაპირგამაგრება, რომ წლების შემდეგაც ვერ იხსნება ცეცხლაურის ნაგავსაყრელი, რომ საჭიროა თამარის დასახლებაში შემოსასვლელი ხიდის გაფართოება, რომ ვერ სრულდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რაც მთავარია, ოპოზიციის შეფასებით, წარმოდგენილ ცვლილებებში არც ამჯერად ჩანდა მმართველი გუნდის მზაობა, დაიძლიოს სიღარიბე, დაინერგოს სკოლებში უფასო კვება, შემუშავდეს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამა, მათ შორის ბინების დაქირავების ნაწილში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა. ეს ჩაქვში მშენებარე დაუსრულებელი სასაფლაოს თემას შეეხებოდა. იმ სასაფლაოს, რომლის მოსაწყობადაც მილიონები დაიხარჯა და ექსპულატაციაში წლებია ვერ შედის. როგორც გიორგი კირთაძემ გააჟღერა, აქვს ინფორმაცია, ტერიტორიას ახლა სხვა დანიშნულებისთვის, საპრივატიზებოდ ამზადებენ, თუმცა ეს ინფორმაცია მინისტრმა უარყო, თუმცა თქვა ისიც, რომ მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმის მერიისთვის ალტერნატიული ტერიტორიების გადაცემის საკითხიც განიხილება.

რაც შეეხება ცვლილებებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 572 მილიონით განისაზღვრა შემოსულობითი ნაწილი.  ჯაბა ფუტკარაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ცვლილებები დაიგეგმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ ოპოზიცია ძირითადად ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომლებიც არა განსახილველ საკითხს, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, არამედ მომავალში გასათვალისწინებელი თემები იყო და ურჩევდა კოლეგებს მათზე,  21 დეკემბერს, მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვისას ესაუბრათ. კენჭისყრის წინ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შესვენების შემდეგ დარბაზში ხელჩართული დაპირისპირება დაიწყო.

მეტის ნახვა