ახალი ამბები • 1735227842
ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა - რამდენად გამართლებულია პოლიტიკურ პაექრობაში გვერდზე გადადებული ქალაქის მართვა
ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. თავმჯდომარე, მოადგილეები თუ კომიტეტები სავარაუდოდ, ვერც მომდევნო სხდომაზე დაკომპლექტდება. „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ჯამში 17-17 ხმა აქვთ. ეს მხოლოდ საკრებულოს სხდომის მოწვევისთვისაა საკმარისი, გადაწყვეტილებების მიღებას კი ნახევარზე მეტი, ანუ 18 ხმა სჭირდება. ოპოზიციას, „ქართულ ოცნებასთან“ საკუთარი, უცვლელი პირობა აქვს, ოცნებას კი გახარიას გუნდთან პერსონალური მოლაპარაკებების ეიმედება. სად არის გამოსავალი და რამდენად გამართლებულია პოლიტიკურ პაექრობაში გვერდზე გადაწეული ქალაქის მართვა, სიუჟეტი იქნება ერთ საათში.
ბიუჯეტი დამტკიცებულია, თუმცა, ფაქტია, რომ ქალაქის მართვა, მხოლოდ, დოკუმენტის მიღებით არ სრულდება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ახალი პროგრამის მიღებას თუ ცვლილებას საკრებულოს მხარდაჭერა სჭირდება. რეალობა, კი რომელიც დღეს ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოშია, სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მოლოდინს ნამდვილად არ ქმნის. დეპუტატებმა პირველ სხდომაზე ვერც თავმჯდომარე აირჩიეს, რადგან, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, „ქართულ ოცნებას“, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 18 ხმა, არ ჰქონდა. მმართველ პარტიაში მაინც იმედიანად არიან - ეიმედებათ პერსონალური მოლაპარაკებები.
როცა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გამოცხდაა, სურათი ასეთი იყო: ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ შეადგინა. ხელისუფლების ოპონენტებმა 19, „ქართულმა ოცნებამ“ კი 17 მანდატი მოიპოვა. მას შემდეგ, რაც გახარიას გუნდის ერთმა წევრმა, საკრებულოში, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოღვაწეობა დაანონსა, ხოლო, „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი გარდაიცვალა, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ხმები გათანაბრდა - 17-17-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სხდომის მოწვევის შესაძლებლობა ორივე მხარეს აქვს, თუმცა, გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად, ვერცერთი მიიღებს. შეთანხმებისთვის, ოპოზიციას თავისი პირობა აქვს.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ მმართველ გუნდს არ მიემხრობიან. იმედს იტოვებენ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე შეთანხმებას მიაღწევს.
თავმჯდომარე და მოადგილეები ვერ აირჩიეს, კომიტეტები ვერ დააკომპლექტეს, თუმცა, სამ დეკემბერს, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა მაინც მოხდა, შესაბამისად, რეგლამენტის მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბოს. თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავა, სხდომები, შესაძლოა, ყოველთვიურად დაინიშნოს და ჩაიშალოს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ახლა გამოსავალი ერთია - დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა, იურისტების თქმით, ამას განსაკუთრებული პირობა სჭირდება. საია-ს განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები რეალური იქნებოდა, თუ კი ოპოზიცია პირველ სხდომაზე, უფლებამოსილების ცნობის მომენტში დარბაზში არ იქნებოდა.
არის კიდევ ერთი შესაძლებლობა - მხარეები უნდა დაელოდონ განმეორებით არჩევნებს აეროპორტი-კვარიათის სამაჟორიტარო ოლქში. იმ ოლქში, სადაც მანდატი გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარძეს ჰქონდა, გადამწყვეტი ერთი მანდატისთვის, განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად, ექვს თვიანი ვადა მოქმედებს.
1728455482
1727447820